ომბუდსმენმა საკონსტიტუციოს რუსულ კანონზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

პუბლიკა

სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს რუსულ კანონთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრების თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირებებით ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფის გამოყოფა და მათთვის ახალი სტატუსის მინიჭება იწვევს უცხოური დაფინანსების გამო ორგანიზაციების სტიგმატიზებას და მათი საქმიანობის ხელშეშლას.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მიმოხილულია კანონით დადგენილი რეგულირებების ფართოდ ინტერპრეტირების შესაძლებლობა და არსებული მონიტორინგის მექანიზმი, მათ შორის, პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში.

მოსაზრების თანახმად, ამ მოთხოვნების დაწესებით შესაძლოა, გადაჭარბებული ორგანიზაციული ტვირთი შეიქმნას ორგანიზაციებისთვის და მათი თანამშრომლებისთვის, რამაც მნიშვნელოვნად შეიძლება შეაფერხოს მათი შესაძლებლობა ეფექტურად განახორციელონ ძირითადი საქმიანობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის შეჩერებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა დღეს, 29 აგვისტოს 11:00 საათზე დაიწყო.

სარჩელებში მითითებულია, რომ რუსული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მოთხოვნილია მისი გაუქმება. 

29-31 აგვისტოს სხდომებზე მოსამართლეები ორ საკითხზე იმსჯელებენ:

1) ცნონ თუ არა სარჩელი დასაშვებად;

2) არსებითი განხილვის გარეშე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეაჩერონ თუ არა ნორმების  მოქმედება, რომელიც 2 სექტემბრიდან ამოქმედდება.

საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს პრეზიდენტის, 121 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის, ოპოზიციონერი დეპუტატების და მედიების: „მთის ამბებისა” და „სტუდია მონიტორის“ სარჩელებს.

ზემოაღნიშნული ყველა სარჩელი სასამართლოში გაერთიანდა და მათი განხილვაც ერთ საქმედ მოხდება.

გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს მოსარჩელეთა შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, რუსული კანონის მოქმედება უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს. 

საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხს განიხილავენ მოსამართლეები: მერაბ ტურავა, ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, მანანა კობახიძე, ირინე იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი და თეიმურაზ ტუღუში.

რუსული კანონი „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” შესახებ პარლამენტმა, 2-თვიანი მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 2024 წლის 28 მაისს საბოლოოდ დაამტკიცა.

4 ივნისიდან კანონი ძალაშიც შევიდა.

2 აგვისტოდან ორგანიზაციები და მედიები, რომელთაც კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებად მონიშნავს, ვალდებულები ხდებიან, დარეგისტრირდნენ ე.წ. რეესტრში. მათ საამისოდ ერთი თვე აქვთ.

თუკი ორგანიზაცია არ დარეგისტრირდება რეესტრში კანონის დაუმორჩილებლობისთვის გათვალისწინებული ჯარიმები 5 0000 ლარიდან 25 000 ლარამდე მერყეობს.

პროცედურის მიხედვით, ორგანიზაციამ ჯერ რეგისტრაცია უნდა გაიაროს, შემდეგ კი სპეციალურ ვებგვერდზე ფინანსური დეკლარაცია ატვირთოს. 

დოკუმენტაციის შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს ერთი თვე აქვს, სწორედ ამ პროცესში ენიჭება მას უფლებამოსილება, გამოითხოვოს პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები. მათ შორისაა: ფიზიკური პირის რასობრივი და ეთნიკური კუთვნილება, სქესობრივი ცხოვრება, პოლიტიკური შეხედულება, რელიგიური, ფილოსოფიური ან სხვაგვარი მრწამსი, აგრეთვე – ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები.

კანონში წერია, რომ ყველა პირი, ორგანო თუ ორგანიზაცია ვალდებულია, გასცეს ეს ინფორმაცია.

იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია თავისი ნებით არ დარეგისტრირდება, სამინისტროს უფლება აქვს, აწარმოოს მონიტორინგი და თავად გამოავლინოს ამგვარი ორგანიზაცია. თუ გამოვლინდა, რომ ორგანიზაციამ თავი აარიდა რეგისტრაციას, მას მაინც დაარეგისტრირებენ და მოსთხოვენ დეკლარაციის წარდგენას. 

რეგისტრაციიდან თავის არიდების ან საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევისთვის ორგანიზაცია დაჯარიმდება 25 ათასი ლარით; დეკლარაციის წარუდგენლობის, ხარვეზების გამოუსწორებლობისთვის 10 ათასი ლარით; თუ მომდევნო თვეებშიც ორგანიზაციამ იგივე პრაქტიკა გააგრძელა, მას ყოველ მომდევნო თვეს 20 ათასი ლარით დააჯარიმებენ. თუ პერსონალურ ინფორმაციას არ გასცემ, 5 ათასი ლარით დაგაჯარიმებენ და ეს ფიზიკურ პირსაც შეეხება.

იმ შემთხვევაში თუკი ორგანიზაცია ჯარიმებს არ გადაიხდის, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ინტერვიუში განმარტავენ, ეს გამოიწვევს ქონების დაყადაღებას და ორგანიზაციები საქმიანობას ვეღარ შეძლებენ. 

როგორი იქნება მონიტორინგის წესირა კონკრეტულ ინფორმაციას მოითხოვს სახელმწიფო უწყება ორგანიზაციებისგანროგორ წარიმართება შესაძლო ყადაღის დადების პროცესი,- ამ და კიდევ სხვა ბევრ შეკითხვასრომელიც დღეს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აქვთ, სექტემბერში უფრო ცხადად გაეცემა პასუხი.