ომბუდსმენმა სამინისტროსთან აქციაზე დაკავების კანონიერების შესწავლა დაიწყო

პუბლიკა

სახალხო დამცველმა 18 ნოემბერს გარემოს დაცვის სამინისტროსთან აქციის მონაწილეების დაკავების კანონიერების შესწავლა დაიწყო.

„სახალხო დამცველის რწმუნებულმა გუშინვე მოინახულა თბილისის და რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული 7 დაკავებული, მათ შორის, ვარლამ გოლეთიანი.

შემაშფოთებელია, რომ დაკავებულთა შორის არის ჟურნალისტი რატი რატიანიც, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების დროს პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა. მედიის წარმომადგენლის დაკავებამ, თავისი საქმიანობის განხორციელებისას, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას, შესაძლოა იქონიოს მსუსხავი ეფექტი შეკრებების დროს შესაბამისი ინფორმაციის გაშუქებაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ფაქტზე სპეციალური საგამოძიებო ორგანოს ფარგლებში მოხდეს დროული რეაგირება.

საგულისხმოა, რომ აქციის მონაწილეთა პროტესტის საგანს წარმოადგენს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია, რომელიც 2022 წლის მარტში გაიცა. გარემოს დაცვის უფლებაზე ზედამხედველობა სახალხო დამცველის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. უნდა აღინიშნოს, რომ აპარატი თვალყურს ადევნებს ხსენებულ ლიცენზიასთან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს და საკითხის შესწავლის შედეგებს საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რატი რატიანი, ხოლო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე“, – ნათქვამია განცხადებაში.


შსს-ს ინფორმაციით, 18 ნოემბერს გარემოს დაცვის სამინისტროს მიმდებარდ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 11 ადამიანი დააკავეს. მათ წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

აქციის მონაწილეები გარემოს დაცვის სამინისტროსთან რაჭის ტყეებში სამონადირეო ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით მივიდნენ და ეზოში ეზოში შესვლა სურდათ.

აქციის მონაწილეების დაკავებამდე პოლიციელებმა დააზიანეს კარვის კონსტრუქცია, რომლის გაშლასაც აქციის მონაწილეები სამინისტროსთან ცდილობდნენ.

მიუხედავად ამისა, მოგვიანებით, სამინისტროს ეზოს მიმდებარედ კარავი მაინც გაიშალა. აქციის მონაწილეებმა ღამე სამინისტროსთან გაატარეს.

ისინი მოითხოვენ ვარლამ გოლეთიანის და კიდევ 10 დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

ასევე მათი მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკაზე“ გაცემული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის სპეციალური, 49-წლიანი ლიცენზია.