ომბუდსმენმა შალვა რამიშვილის მიერ ანანია გაჩეჩილაძის სექსუალური შევიწროვება დაადგინა

პუბლიკა

სახალხო დამცველმა POSTV-ის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის მიერ ანანია გაჩეჩილაძის სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა.

ომბუდსმენს ანანია გაჩეჩილაძემ მიმართა. აპარატი წერს, რომ სახალხო დამცველი განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს დაეყრდნო, შალვა რამიშვილმა მათთან არ ითანამშრომლა.

ომბუდსმენის აპარატმა რეკომენდაციით მიმართა რამიშვილს, პროფესიულ და სხვა ურთიერთობებში არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ინდივიდებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან/და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო. აგრეთვე, დაავალა, რომ რეკომენდაციის შესრულების მიზნით  გატარებული ღონისძიებების თაობაზე აცნობოს  20 დღის ვადაში.

„სახალხო დამცველმა დააკმაყოფილა ანანია (ანი) გაჩეჩილაძის მოთხოვნა და დაადგინა შალვა რამიშვილის მიერ ანანია გაჩეჩილაძის სექსუალური შევიწროების ფაქტი.

2018 წელს განმცხადებელს, ანანია გაჩეჩილაძეს დაუკავშირდა „pos tv”-ის დირექტორი, შალვა რამიშვილი და შესთავაზა ინტერვიუს მომზადება. ინტერვიუსთან დაკავშირებით შეხვედრა რამდენიმე დღეში შედგა. შეხვედრის განმავლობაში, ნაცვლად ინტერვიუსთან დაკავშირებული დეტალებისა, შალვა რამიშვილი ანანია გაჩეჩილაძეს უსვამდა პირადი ხასიათის შეკითხვებს, აფასებდა მის გარეგნობას უარყოფით თუ სექსუალურ კონტექსტში, აგრეთვე ადგილი ჰქონდა არასასურველ სექსუალური ხასიათის ფიზიკურ შეხებას.

სახალხო დამცველმა დაადგინა სექსუალური შევიწროების ფაქტი ფიზიკურ შეხებასთან და სხეულისა და გარეგნობის თაობაზე გაკეთებულ შეფასებებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი დაეყრდნო განმცხადებლის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, ვინაიდან შალვა რამიშვილმა არ ითანამშრომლა აპარატთან.

წინამდებარე საქმის შესწავლის პროცესში, მოპასუხეს განემარტა მტკიცების ტვირთის სტანდარტი, თუმცა, მოპასუხეს სექსუალური შევიწროების ფაქტის უარყოფის მიზნით, მისი პოზიცია/არგუმენტები არ წარმოუდგენია.

საქმე მნიშვნელოვანია/პრეცედენტულია რადგან სახალხო დამცველმა პირველად დაადგინა, სექსიზმი, როგორც სიძულვილის ენის აკრძალვის ერთ-ერთი ფორმა, რაც რეგულირდება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით. სახალხო დამცველის განმარტებით, სექსიზმი სქესისა თუ გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების სახედ მიიჩნევა“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

შალვა რამიშვილმა თემაზე კომენტარი „რადიო თავისუფლებას“ მისცა:

„სისულელეა ეგ ყველაფერი. ზომების მიღება დამავალა. რაღაც ზომები რომ მივიღო, არ გავაკეთო ის, რაც არ გამიკეთებია ისედაც. სასაცილოა, სატირალიც რომ არ იყოს. ცალმხრივად და მიკერძოებულად განიხილა… [არ ვითანამშრომლე, რადგან] მე გამოვდივარ უაზრო როლში, სპილო რომ არ ვარ, უნდა ვამტკიცო. ყველა ეს ადამიანი ჩიოდა სისხლის სამართლის წესით, ციხეში წასვლას მიქადდა, მაგრამ რით დამთავრდა, ხედავთ”, – უთხრა შალვა რამიშვილმა „რადიო თავისუფლებას“.


შალვა რამიშვილს 2018 წელს სექსუალურ შევიწროების საქმეზე თათია სამხარაძემ საქალაქო სასამართლოში დავა მოუგო, რომელიც შემდგომმა ინსტანციამაც ძალაში დატოვა. შალვა რამიშვილს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

გასულის წლის მარტში რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა.

რამიშვილმა ბრალდებები უარყო და ყველაფერი „POSTV-ის წონის და გავლენის ზრდას“ დაუკავშირა.