ომბუდსმენმა სამედიცინო უნივერსიტეტს რეკომენდაციით მიმართა

პუბლიკა

სახალხო დამცველმა „თანასწორობის მოძრაობის“ განცხადებების საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელმძღვანელოებში ჰომოფობიური და სტიგმის გამაძლიერებელი ჩანაწერების არსებობას, სამედიცინო უნივერსიტეტს რეკომენდაციით მიმართა.

ორგანიზაციამ სახალხო დამცველის აპარატს 2018 წლის 2 ნოემბერს და 2019 წლის 14 ივნისს სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებზე რეაგირებისთვის განცხადებებით მიმართა. განცხადებების თანახმად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელმძღვანელოებში „სასამართლო მედიცინა“ და „ბიოეთიკა“ გამოყენებული ტერმინები და გამოთქმული მოსაზრებები ამყარებს სტერეოტიპებს და წარმოადგენს დისკრიმინაციის წახალისების ფორმას ლგბტ+ ადამიანების მიმართ.

„თანასწორობის მოძრაობამ” გამოაქვეყნა კონკრეტული ტერმინები და წინადადებები, რომლებიც დისკრიმინაციას შეიცავს:

„სახელმძღვანელოში „სასამართლო მედიცინა“ (ავტორი: ბესარიონ კილასონია) გამოყენებულია ტერმინები: „პედარასტია,“ „აქტიური პედარასტი,“ „პასიური პედარასტი“, „გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირი“.4 ამასთან, სახელმძღვანელოში ტრანსსექსუალობა განმარტებულია, როგორც „სქესობრივი თვითშეგნების დარღვევა“ და „სადიზმი“.

სახელმძღვანელოში „ბიოეთიკა“ (ავტორი ბელა მამულაშვილი) გამოყენებულია შემდეგი ტერმინები: „ჰომოსექსუალიზმის ცოდვა“, „ჰომოსექსუალისტები“, „განსაკუთრებული სქესობრივი ორიენტაცია“, „ფარული ჰომოსექსუალური გადახრები.“ ამასთან, სახელმძღვანელო განმარტავს, რომ „მედიცინაში ბოლომდე გარკვეული არ არის საკითხი, ითვლება თუ არა ჰომოსექსუალიზმი განსაკუთრებულ სქესობრივ ორიენტაციად თუ იგი ფსიქიკური მოშლილობის ერთ-ერთი ფორმაა“.

სახელმძღვანელოში გამოყენებულია აივ-დადებითი სტატუსის მქონე პირების მიმართ მკვეთრად უარყოფითი კონოტაციის მქონე განმარტებები. ბიოეთიკის სახელმძღვანელოში ხელოვნურ აბორტთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ „ხელოვნური აბორტის ყოველი შემთხვევა უნდა შევაფასოთ, როგორც ბოროტება“. ამასთან, ამავე სახელმძღვანელოს განმარტების თანახმად, „აბორტი არ შეიძლება ჩაითვალოს ოჯახის დაგეგმვის ჩვეულებრივ ღონისძიებად კონტრაცეპტივებთან ერთად“.

საქმის შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ამ სახელმძღვანელოებში არსებული ჩანაწერები არ შეესაბამება ადამიანის უფლებების განმარტების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, ამიტომ საგანმანათლებლო სფეროში აფერხებს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის რეალიზებას და ვერ უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების სფეროში სახელმწიფოს მიერ გაცხადებული მიზნის მიღწევას.

სახალხო დამცველმა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მიმართა რეკომენდაციით, მიმდინარე სასწავლო წლის ფარგლებში უნივერსიტეტმა უზრუნველყოს სასწავლო კურსების, „სასამართლო მედიცინა და საექიმო სამართალი“, ასევე „ბიოეთიკა“ სწავლებისას ადამიანის ძირითად უფლებებთან შესაბამისი სასწავლო მასალის გამოყენება. მათ შორის, სახელმძღვანელოთა არსებულ რედაქციებზე ცვლილებების მომზადება დანართის სახით და სასწავლო პროცესში დანერგვა.

რეკომენდაციის სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე;

შესწორება: თავდაპირველად გამოქვეყნებული მასალა სათაურით: „ომბუდსმენმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელმძღვანელოებში დისკრიმინაცია დაადგინა”  შეიცვალა, რადგან განცხადების გამავრცელებელმა ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობამ” ტექსტი ჩაასწორა.