ომბუდსმენმა „ვოლტ ჯორჯიას“ მიმართა, დაუყოვნებლივ აღუდგეთ კურიერებს აპლიკაციაზე წვდომა

პუბლიკა

4 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა პლატფორმა „ვოლტ ჯორჯიას“ შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების გამო განხორციელებული დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა.

როგორც სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელბულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, კომპანიამ ორ კურიერს პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრისა და სხვა საპროტესტო აქტივობების გამო, აპლიკაციაზე წვდომა დაუბლოკა.

„საერთაშორისო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოების მიერ შემუშავებულ უახლეს სტანდარტებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ პლატფორმის მეშვეობით მომუშავე კურიერები, მიუხედავად „პარტნიორის“ სტატუსისა, კომპანიასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირები არიან და, შესაბამისად, მათ შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე გარანტიებით სარგებლობის უფლება აქვთ.

ამასთან, სახალხო დამცველმა დისკრიმინაციულად შეაფასა „ვოლტ ჯორჯიას“ მიერ სხვა 142 კურიერისთვის გაგზავნილი სმს შეტყობინება, რომლითაც კომპანია მათ საპროტესტო აქტივობებში მონაწილეობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახალხო დამცველმა „ვოლტ ჯორჯიას“ მიმართა, რომ დაუყოვნებლივ აღუდგეთ კურიერებს აპლიკაციაზე წვდომა; მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და უზრუნველყოს თანასწორობის პოლიტიკის გატარება კომპანიაში.