ომბუდსმენმაც თქვა, რომ იცნობს საქმის ერთ ეპიზოდს... ზედაპირულად აკეთებენ განცხადებებს - პაპუაშვილი

პუბლიკა

„ზედაპირული და ეპიზოდური შეფასებების საფუძველზე, თავს უფლებას აძლევენ, რომ „დამნაშავეა, არ არის დამნაშავე” განცხადებები გააკეთონ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ნიკა გვარამიას საქმეზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა.

მას შეკითხვა დაუსვეს „მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით შეფასებებზე – „რომ არა კრიტიკული მედიამენეჯერი, მოხდებოდა თუ არა გვარამიას დაპატიმრება?”.

„არის სამართლებრივი სახელმწიფო, თუკი სასამართლო ჩათვლის, რომ პირი არის დამნაშავე, გამოაქვს განაჩენი. ამას შეფასებები და ადამიანების განსჯა, ვერც უარყოფს, ვერც დაადასტურებს… არსებობს სასამართლო და სასამართლო ინსტანციები.

ამ შეფასებებს რაც შეეხება, ჩვენ გვესმის, რომ საქმეს იცნობენ ეპიზოდურად, მათ შორის სახალხო დამცველმა თქვა, რომ ის იცნობს ერთ ეპიზოდს საქმისას, სხვებიც სწორედ ამას ამბობენ, და ასე ეპიზოდური, ზედაპირული შეფასებების საფუძველზე თავს უფლებას აძლევენ, რომ „დამნაშავეა, არ არის დამნაშავე” – ასეთი განცხადებები გააკეთონ.

სამართლებრივი სახელმწიფოს პატივისცემა, გულისხმობს სასამართლოს გადაწყვეტილებების პატივისცემას”, – განაცხადა პაპუაშვილმა.


ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელსა და მეწილეს, ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წელი და 6 თვე მიუსაჯა.

ნიკა გვარამიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმის შეფასებას ვრცლად გაეცანით ბმულზე:

სახალხო დამცველის შეფასება;

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასება.