ომბუდსმენობის კანდიდატი ფემიციდზე: რაღაცნაირად გაუნათლებლობის ბრალიცაა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სახალხო დამცველობის კანდიდატს, თინათინ ექვანიას უსმენენ.

პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა მას ჰკითხა სახალხო დამცველად ყოფნის შემთხვევაში რას გააკეთებდა ქვეყანაში ფემიციდის შემთხვევების შესამცირებლად.

„ფემიციდი, ცხადია, ძალიან დიდი პრობლემაა, მაგრამ მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა. აღმოსავლეთ ევროპაში და საერთოდაც, ჩვენს რეგიონში ძალიან პრობლემურია. ეს არის სოციალური პრაქტიკის პრობლემა, რაღაცნაირად გაუნათლებლობის ბრალიც არის და ძალიან მიხარია, რომ ბოლო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახელმწიფომაც დაიწყო კამპანია, როგორ აღმოფხვრან ეს პრობლემა”, – თქვა თინათინ ერქვანიამ.

მან ასევე თქვა, რომ კანონმდებლობა ამ კუთხით იხვეწება და ამ მხრივ ძირითადად გამართულია. თინათინ ერქვანიას თქმით, პოლიტიკური და სამოქალაქო განათლების ნაკლებობაა რეგიონებში და ეს არის გამოსასწორებელი.

„ფემიციდს რაც შეეხება, ყველაზე მთავარი არის სოციალური ეთიკის პრობლემა და ამ თვალსაზრისით უნდა ვესაუბროთ მოქალაქეებს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში, სადაც ახლოს არის ისლამური სამყარო, მათ შორის დასავლეთით აჭარისკენ, მაგრამ ძირითადად, მთელი პრობლემები აქეთ არის ხოლმე რატომღაც, რასაც ვაკვირდები. თუმცა პრობლემურია პანკისის ხეობა და ის ნაწილი საქართველოსი…. ანუ რელიგიას არ ვაბრალებ ამ ყველაფერს, ეს გამორიცხულია. ეს არის უბრალოდ აი რაღაც მენტალობის პრობლემა და უნდა მოხერხდეს რაღაცნაირად მოსახლეობასთან კომუნიკაცია”, – თქვა ომბუდსმენობის კანდიდატმა თინათინ ექვანიამ.

პარლამენტმა სახალხო დამცველობის 19 კანდიდატს უნდა მოუსმინოს. გუშინ კომიტეტზე ანა აბაშიძეს, მარიკა არევაძესა და გიორგი ბურჯანაძეს მოუსმინეს.