ომბუდსმენობის კანდიდატმა გიორგი ცობეხიამ გასაუბრების შემდგომ კანდიდატურა მოხსნა

პუბლიკა

სახალხო დამცველობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი ცობეხიამ კანდიდატურა მოხსნა. ცობეხიამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მან პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გასაუბრება გაიარა.

„მე ზუსტად ვიცი, რომ ჩემს კანდიდატურას, მინიმუმ, ხელისუფლების მხარდაჭერა ბუნებრივად არ მოჰყვება. სწორედ ამიტომ ვხსნი კანდიდატურას, თუმცა ვხსნი მას შემდეგ, რაც ასეთი მძიმე დღე გავიარე თქვენთან ერთად. საქართველოს ვუსურვებ, რომ ჰყავდეს ნამდვილად დამოუკიდებელი, ღირსეული და მაღალკვალიფიციური კანდიდატი. მე ასეთი კანდიდატი მყავს დასახელებულებს შორის – სოფო დემეტრაშვილი და მე რომ ახლა თქვენს ადგილზე ვიჯდე და ხმის მიცემის უფლება მქონდეს, ხმას მას მივცემდი.

ჩემი კანდიდატურის მოხსნა არ გახლავთ პროტესტი, მიუხედავად იმისა, რომ გამოვირჩევი პროტესტის გამოთქმის სურვილებით. უბრალოდ, ეს არის ერთი პატარა მაგალითი იმისა, ჩვენი შეხედულებების მიუხედავად, როგორ შეიძლება გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია სახელმწიფოს განვითარებისთვის და შესაძლოა, დამაზიანებელი იყოს თუნდაც ჩვენი პიროვნებისთვის“, – განაცხადა ცობეხიამ.

საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე სახალხო დამცველობის კანდიდატებთან მოსმენა დღეს სრულდება. პარლამენტმა უკვე მოუსმინა 16 კანდიდატს.  საერთო ჯამში, ორმა კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა – ნიკოლოზ ნიკოლაძემ და გიორგი ცობეხიამ. ნაზი ჯანეზაშვილმა, განაცხადა, რომ ის კანდიდატურას არ ხსნის, თუმცა გასაუბრებაზე პარლამენტში არ მივა.