ომბუდსსმენი ჟურნალისტის მთავრობის სხდომაზე არშეშვების საკითხზე განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება მედიასაშუალება BM.GE-ს მთავარი რედაქტორის, თელარა გელანტიასთვის საქართველოს მთავრობის სხდომაზე დასწრების შეზღუდვის შემთხვევებს.

ომბუდსმენის განცხადებაში ნათქვამია, რომ თელარა გელანტიამ მთავრობის სხდომის გაშუქებისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელების შეზღუდვის ფაქტზე ჯერ კიდევ 2022 წლის 12 სექტემბერს განაცხადა. მისი განმარტებით, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მას სხდომაზე დასწრების აკრძალვის მიზეზად წესების დარღვევა, ბევრი შეკითხვის დასმა და ამ გზით კოლეგებისთვის ხელის შეშლა დაუსახელა. თელარა გელანტიასგან განსხვავებით, მის თანმხლებ ოპერატორს სხდომაზე დასწრების პრობლემა არ შეჰქმნია. თელარა გელანტია მთავრობის სხდომაზე არც 26 სექტემბერს არ დაუშვეს.

ომბუდსმენის შეფასებით, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, არაერთხელ გამოიკვეთა ცალკეული სახელმწიფო უწყებების მიერ ორგანიზებულ ბრიფინგებსა თუ მუნიციპალურ ღონისძიებებზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლების არდაშვების ან/და არმიწვევის ტენდენცია, რაც სახალხო დამცველმა თანასწორობის პრინციპთან წინააღმდეგობაში მყოფ პრაქტიკად შეაფასა. 

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს მედიის განსაკუთრებულ ფუნქციას, გაავრცელოს საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი ინფორმაცია და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ საჯარო დებატებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი თითოეული წევრის ჩართულობის აუცილებელი წინაპირობაა.

სახალხო დამცველი საგანგაშო ტენდენციად მიიჩნევს ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტებს და მიაჩნია, რომ აღნიშნული საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედია პლურალიზმსა და უარყოფითად აისახება ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებზე.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების დაუბრკოლებელი წვდომა ინფორმაციაზე, მათ შორის, თანასწორობის პრინციპის დაცვით, ჟურნალისტებს მთავრობის სხდომებზე დასწრებისა და მათთვის სასურველი კითხვების დასმის შესაძლებლობა.

სახალხო დამცველი განაგრძობს თელარა გელანტიასთვის მთავრობის სხდომებზე დასწრების შეზღუდვის საკითხზე თვალ-ყურის დევნებას, მათ შორის, თვალ-ყურს ადევნებს მედიის წარმომადგენელთა პროფესიული საქმიანობის კუთხით არსებულ მდგომარეობას.