„ობსერვატორია უფლებადამცველების დასაცავად“ (Observatory for the Protection of Human Rights Defenders – OMCT-FIDH) და ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, შეწყვიტოს რუსული კანონის განხილვა, რომელიც, მათი შეფასებით, ეწინააღმდეგება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემას.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება არის „თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე”.
„ობსერვატორია და ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი და მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, პატივი სცენ, დაიცვან და ხელი შეუწყონ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დაცვას ქვეყანაში ადამიანის უფლებების რეგიონული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
უფრო კონკრეტულად, როგორც ეს გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებით, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19 და 22-ე მუხლებით, რომელთა ხელმომწერიც არის საქართველოს სახელმწიფო.
აგენტების შესახებ კანონები ასახავს ხელისუფლებების სურვილს, სამოქალაქო საზოგადოება წარმოაჩინოს შიდა მტრად, რისი მიზანიცაა არამარტო გააჩუმოს კრიტიკული ხმები, არამედ მოახდინოს მათი სტიგმატიზირება და დისკრედიტაცია. უფლებადამცველების მიმართ გაზრდილი ფარული მოსმენების, ძალადობისა და ზეწოლის, შემზღუდავი რეგულაციების შემოღების ფონზე, საქართველო მიდის „ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ნეგატიური ნარატივის სტრატეგიული განვითარების“ გზით, როგორც ეს ნათქვამია უფლებადამცველების მდგომარეობის შესახებ სპეციალური მომხსენებლის ანგარიშში, რომელიც მომზადდა საქართველოში 2023 წლის ნოემბერში მისი ვიზიტის შემდეგ “, – ვკითხულობთ განცხადებაში.