„ლაფიტოპია ნისლიდან გამოდის”, – პოეტი ბესიკ ხარანაული facebook-ზე ლექსს აქვეყნებს:
ლაფიტოპია ნისლიდან გამოდის
აი, ამ ლაფს ვიფიცები,
რომელსაც მოვტოპავ,
ამ ჭუჭყს და ამ ტალახს,
რომელიც მაკრია,
ამ საძაგლობას ვიფიცები,
როგორც ჩემს საკუთარს:
ომი რომ მორჩება,
ჩვენ სად ვიქნებით?
მთვარე ამოვა,
მზე ჩავა,
ჩვენ სად ვიქნებით?
სამყარო გამოიცვლება,
შეიქნება სირცხვილ-ნამუსი,
ჩვენ სად ვიქნებით?
რომ დავიხოცებით,
ვინ დაგვმარხავს,
მიწას ვინ მოგვაყრის,
ჩვენ სად ვიქნებით?
აი, ამ ლაფს ვიფიცები,
ამ უწმაწურობას,
მოხუცს მუხლებზე
წიგნი გადმიშლია,
მაგრამ რა წერია:
სიტყვები გამქრალი,
ყდა ტალახიანი,
რა ერქვა არ ამბობს.
არც კი ვიცი ვინ მომენატროს,
წინ სიბნელეა და არავინაა.
ვუყურებ მურყნიანს,
ჭალა რომ ნისლშია,
ლაფიტოპია ხარი
ვგრძნობ, როგორ მოტოპავს.
რქებით ჭალა მოაქვს,
მკერდით ნისლს მოარღვევს,
მშრალზე რომ დადგება
და დაიბერტყება,
რომ დაიზმუვლებს
და რომ მომაჩერდება:
რა ვუთხრა, რა ვკითხო,
ან რა ვუპასუხო,
თავი რით ვიმართლო?..