„ომიკრონის“ მიმართ ნაკლებმგრძნობიარეა ტესტები, სიმპტომების მქონეები უნდა მოიქცნენ ისე, როგორც კოვიდდადებითი - ცერცვაძე

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არსებულ ტესტებს „ომიკრონის“ შტამის გამოვლენა უჭირს.

ამის შესახებ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ისაუბრა. ცერცვაძემ მოსახლეობას მიმართა, რომ თუ მათ კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდებათ, მაგრამ ტესტები დადებით პასუხს არ აჩვენებს, მოიქცნენ ისე, როგორც კოვიდდადებითები და დარჩნენ იზოლაციაში.

მისივე თქმით, სწრაფი ტესტები კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამს ზოგ შემთხვევაში არ აჩვენებს, განსაკუთრებით სიმპტომების გამოვლენის პირველ დღეებში.

„მოსახლეობამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ არცერთი ტესტი მსოფლიოში 100%-იანი არ არის. მაგრამ „ომიკრონის“ მიმართ კიდევ უფრო ნაკლებმგრძნობიარეა არსებული ტესტები, ვიდრე „დელტა“ შტამის მიმართ, განსაკუთრებით სწრაფი ტესტები და განსაკუთრებით პირველ დღეს, როცა ვირუსის კონცენტრაცია ორგანიზმში მაღალი არ არის. შესაძლებელია, რომ ტესტმა განსაკუთრებით სწრაფმა ტესტმა, ვირუსი ვერ დააფიქსიროს. PCR-ის შემთხვევაში ამის ალბათობა გაცილებით ნაკლებია. ამიტომ პაციენტებს ურჩევენ, რომ ტესტირება სიმპტომების გამოჩენიდან მეორე დღეს მოახდინონ და არა პირველივე დღეს. თუმცა, არის პაციენტების გარკვეული რაოდენობა, რომლებსაც ტესტი დადებითს ვერც მეორე და მესამე დღეს უჩვენებს, მაგრამ კოვიდის ჩვენებები არის. ამიტომ ასეთ პაციენტებს ვურჩევთ, რომ მოიქცნენ ისე, როგორც კოვიდიანები და ექიმებსაც მივმართავ, რომ მოექცნენ მათ ისე, როგორც კოვიდიანებს. ამით არაფერს დაკარგავს არც პაციენტი, არც ექიმი, თუ მას არ ექნება კოვიდი და მოვექცევით როგორც კოვიდიანს“,- განაცხადა ცერცვაძემ.