„ომიკრონის“ რეინფიცირება ჯერ ჩვენთან ლაბორატორიულად არ დაფიქსირებულა - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონის“ რეინფიცირების შემთხვევა ჯერ საქართველოში ლაბორატორიულად არ დაფიქსირებულა. როგორც ის განმარტავს, შესაძლებელია, რომ იყოს რეინფიცირება, თუმცა ლაბორატორიულად ეს არ დადასტურებულა.

„ომიკრონის“ რეინფიცირების შემთხვევა ჯერ ჩვენთან ლაბორატორიულად არ დაფიქსირებულა,  მაგრამ ეს არ გამორიცხავს, იმიტომ, რომ ლაბორატორიულად ყველა ტესტი შტამის გასარკვევად არ იგზავნება. შესაძლებელია, რომ იყოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.


საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 24 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ის განახლებული მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 54, ხოლო გამოჯანმრთელდა 18 221 კოვიდპაციენტი.