საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამთან – „ომიკრონთან“ ბრძოლის ბერკეტი ვაქცინაციაა.
მისი განმარტებით, ამ შტამს ახასიათებს გავრცელების მაღალი სიჩქარე თუმცა სიმპტომები სხვა შტამებთან შედარებით უფრო რთული არ აქვს. ტიკარაძის თქმით, დაკვირვებით დადგინდა, რომ შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება ახალგაზრდებში, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ხანდაზმულთა დიდი ნაწილი აცრილია.
„ახალ შტამს გავრცელების უფრო მაღალი სიჩქარე ახასიათებს, თუმცა ექიმები იმ ქვეყნებში, სადაც პაციენტების ამ შტამის მკურნალობის კუთხით პრაქტიკა აქვთ, სიმპტომურად არ აღნიშნავენ, რომ უფრო რთულად მიმდინარეობს, რაც თითქოსდა კეთილსაიმედოა. აღსანიშნავია, რომ ის უფრო სწრაფად ვრცელდება ახალგაზრდებში, ვიდრე ხანდაზმულებში, მაგრამ აქაც შეიძლება იყოს მოსაზრება, რომ ხანდაზმულები ამ ქვეყნებში 90% -ით აცრილები არიან.
მნიშვნელოვან ბერკეტად მაინც ვაქცინაცია რჩება. რაც შეეხება საქართველოში ამის მართვას, პირველი რეკომენდაციები რაც გავეცით, არის გათვალისწინებული“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ამ შტამის გამოსავლენად უფრო ეფექტური PCR-ტესტირების ჩატარებაა.
დღეს „ფაიზერის“ კომპანიის ხელმძღვანელმა ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ დაიწყეს „ომიკრონის“ შტამის წინააღმდეგ ვაქცინის შემუშავება. მათი გათვლებით, პრეპარატი 100 დღეზე ნაკლებ პერიოდში იქნება მზად.