ომის დასრულებაზე საუბარი ნაადრევია - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 სექტემბერს რუსეთი დაადანაშაულა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში და მიმდინარე თვეში უკრაინის ჯარის მიღწევის მიუხედავად აღნიშნა, რომ ჯერ ომის დასრულებაზე საუბარი ნაადრევია.

უკრაინის ლიდერმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, ომის შედეგი, რომელიც უკვე მეშვიდე თვეა მიმდინარეობს, უცხოური იარაღის სწრაფ მიწოდებაზეა დამოკიდებული. ზელენსკი კვლავ მოუწოდებს ქვეყნებს, ნუ გაწელავენ დროს და დაეხმარონ უკრაინას იარაღის მიწოდებაში.

„დღევანდელი მდგომარეობით, ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 450 ადამიანია დამარხული, მაგრამ ასევე არის ბევრი ცალკეული სამარხი. ნაწამები ადამიანების. გარკვეულ ტერიტორიებზე ოჯახების საფლავებია“, – თქვა ზელენსკიმ.

მოსკოვს კომენტარი არ გაუკეთებია იზუმში მასობრივ სამარხზე, რომელიც რუსეთის ფრონტის დასაყრდენი იყო, ვიდრე ტერიტორიას უკრაინა დაიკავებდა.