მას შემდეგ, რაც გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, რუსეთმა სამ უკრაინულ პორტზე ბლოკადა მოხსნა, ოდესის პორტი დღეს მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა დატოვა.
სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა „რაზონიმ“ 26 000 ტონაზე მეტი მარცვლეული წაიღო. ეს პირველი სამოქალაქო, კომერციული დანიშნულების გემია, რომელიც ოდესის პორტიდან 26 თებერვლის შემდეგ გავიდა.
„რაზონის“ გეზი ახლო აღმოსავლეთში, ლიბანისკენ აქვს აღებული. რუსეთს პირობა აქვს მიცემული, რომ მარცვლეულით დატვირთულ გემებს თავს არ დაესხმება.
უკრაინის ინფრასრუქტურის სამინისტროს განცხადებით, უახლოეს მომავალში უკრაინული პორტებიდან მარცვლეულს სხვა გემებიც გადაზიდავენ.
მარცვლეულით დატვირთული გემის გასვლას მიესალმა გაეროს გენერალური მდივანი. ანტონიო გუტიერეშის პრესმდივნის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ეს იქნება პირველი იმ მრავალი ხომალდიდან, რომელიც მსოფლიოში შექმნილი მარცვლეულის კრიზისის დაძლევაში შეიტანს წვლილს.
ოდესის პორტიდან გემის გასვლას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაც. „ეს არის შვების დღე მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით ჩვენი მეგობრებისთვის ახლო აღმოსავლეთში, აზიასა და აფრიკაში, რადგან მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი ტოვებს ოდესას რუსეთის რამდენიმეთვიანი ბლოკადის შემდეგ“, – წერს კულება.
მარცვლეულის გატანის პროცესის წამოწყება პოზიტიურად შეაფასეს მოსკოვშიც, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ რუსეთი ბლოკავდა თვეების განმავლობაში უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს.