პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კომენტარი სთხოვეს ტელეკომპანია „იმედის” დაკვეთით ჩატარებულ კვლევაზე, რის მიხედვითაც 63.5% გაუმართლებლად მიიჩნევს „იმას, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს აქციები მაშინ, როდესაც რეგიონში ფართომასშტაბიანი ომია”.
ღარიბაშვილი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციებს ანტისახელმწიფოებრივსა და გაუგებარს უწოდებს და ამბობს, რომ ამ ყველაფერს ორგანიზებას „ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული ძალები” უწევენ.
„მთელს მსოფლიოში არცერთ ქვეყანაში, ისეთ ვითარებაში რომელიც ახლა არის უკრაინაში, რუსეთ-უკრაინის ომის დროს, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ გამართულა საპროტესტო აქციები და არ მოუთხოვიათ მთავრობის გადადგომა, მით უმეტეს ჩვენი სიტუაცია არის განსაკუთრებული და უნიკალური – ჩვენ ვართ ოკუპირებული, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და რუსის ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენ ვცხოვრობთ რუსის ჯართან ერთად და და ამ დროს, ასეთ ვითარებაში, როცა სიტუაცია არის ძალიან არაპროგნოზირებადი, მოწყვლადი, რეგიონისა და ევროპის მასშტაბით, რა თქმა უნდა, სრულად მიუღებელი და გაუგებარი იყო ანტისახელმწიფოებრივი აქციები, რომელიც იმართებოდა.
ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის აბსოლუტურად მიუღებელია აღნიშნული. უნდა ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, ეს რა თქმა უნდა, იმ ძალების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებიც წლებია უკვე ატარებენ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეროვნულ პოლიტიკას. რა თქმა უნდა, ეს არის მოღალატეობრივი პოლიტიკა. ეს არის მეხუთე კოლონა, ეს არის „შულავერის კომიტეტი”, რომელიც საქართველოში მოქმედებს. ამიტომ ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესებს დავიცავთ ბოლომდე”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
GORBI-ის კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: „თქვენი აზრით, გამართლებულია თუ არა საქართველოში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების გამართვა იმ ვითარებაში, როდესაც რეგიონში ფართომასშტაბიანი ომი წარმოებს?“ პასუხები ასე გადანაწილდა:
- გაუმართლებელია – 63.5%
- გამართლებულია – 30.1%
- არ ვიცი/უარი – 6.4%.
კვლევა „ტელეიმედის” დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ” 10-16 მარტს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1008 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია +/- 3 %.
უკრაინაში რუსეთის ომის გამო სოლიდარობის აქციების პარალელურად ქვეყანაში აქციები გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით. მოქალაქეები პრემიერს პრორუსულ გადაწყვეტილებებში ადანაშაულებდნენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არ შეერთებასთან დაკავშირებით განცხადებებს აპროტესტებდნენ.