ომის ყოველი დღე გლოვის დღეა, ოპოზიციის მხრიდან მცდელობაა მანიპულაციის – პაპუაშვილი 5 აპრილის გლოვის დღედ გამოცხადებაზე

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს  ჟურნალისტებმა ჰკითხეს ოპოზიციის წარმომადგენლების ინიციატივასთან დაკავშირებით – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების, სისასტიკისა და მშვიდობიან მოქალაქეთა მკვლელობის გამო, საქართველოს ტერიტორიაზე 5 აპრილის გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ.

პაპუაშვილის თქმით, ომის ყოველი დღე გლოვის დღეა და საზოგადოება ყოველდღე იმ ტრაგედიის მომსწრეა, რაც უკრაინაში ხდება.

„ვერ გეტყვით, ომის ყოველი დღე, რა თქმა უნდა, გლოვის დღეა. სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან კიდევ ერთხელ არის მცდელობა, საკითხებით მანიპულაცია დაიწყონ. ყოველი დღე არის გლოვის დღე და ყოველი დღე იმ ტრაგედიების მომსწრენი ვართ, რასაც ჩვენ ვხედავთ. საქმე ისაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც გახლავთ ასეთი ინიციატივების ავტორი, ხოლმე, არც უკრაინა, არც საქართველო არ აინტერესებს და სინამდვილეში, არც რეალური თანაგრძნობა აქვთ. სამწუხაროა, რომ საკითხებით ასეთი მანიპულირება ხდება.

ამითაც სურვილია, გამოჩნდეს, თითქოს საქართველოს მხრიდან ემპათია და თანადგომა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ესეც კიდევ ერთხელ ხაზია, რათა საკუთარ ხელისუფლებას ებრძოლოს ცალკეული პოლიტიკური ჯგუფი, რაც სამწუხაროა. საქართველო ამ კუთხით გახლავთ გამონაკლისი ქვეყანა, სადაც პოლიტიკური პარტიები, სხვადასხვა ჯგუფი ებრძვის ხელისუფლებას იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ასეთი უსაფრთხოების რისკია“, – პაპუაშვილის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.