ომში ჩათრევაზე საუბარი მზაკვრული ნარატივია ФСБ-ს სახელმძღვანელოდან - დეგნანი

პუბლიკა

აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თქმით, საუბარი იმაზე, რომ თითქოს აშშ ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას, რუსული სპეცსამსახურების დეზინფორმაციის გაგრძელებაა. დეგნანის თქმით, აშშ-ს არანაირი ფორმით არ სურს, რომ საქართველო ომში ჩაერთოს და პირიქით, ყველა ღონეს ხმარობს ომის შესაჩერებლად.

„მინდა, გამოვეხმაურო მზაკვრულ ნარატივს, რომელიც როგორც ჩანს, გრძელდება და როგორც ჩანს, პირდაპირ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა.

მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში. აშშ-ს არ სურს, იხილოს ამ ომის გაფართოება არანაირი ფორმით. აშშ ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ომი, რაც შეიძლება სწრაფად შეაჩეროს.

ეს იყო პუტინი, რომელმაც წამოიწყო ეს აგრესიული და სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ და სწორედ პუტინია ის, ვისაც შეუძლია მისი შეჩერება“, – თქვა კელი დეგნანმა.

აშშ-ის ელჩის თქმით, საქართველოს მეგობრები სწორედ დასავლეთში ჰყავს, რუსეთი კი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, შეურაცხყოფდა ქართულ ეკლესიებს და ებრძოდა ქართულ ენას.

„აშშ, ევროპა, საქართველოს მეგობრები, რომლებმაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ, რათა დავხმარებოდით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ამის გაკეთებას გავაგრძელებთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველებს ახსოვდეთ, რომ რუსეთი ახდენს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაციას. რუსეთია ის, ვინც სცადა თქვენი ენის განადგურება, რუსეთია, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები და გამოიყენა ისინი ცხოველების სადგომებად.

თუ არსებობს რაიმე კითხვები, თუ რას ნიშნავს რუსეთის მეგობრობა საქართველოსთვის, მაშინ უბრალოდ შეხედეთ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს. თქვენი მეგობრები აშშ-სა და ევროპაში არიან. ეს არის გზა საქართველოს მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის“, – თქვა კელი დეგნანმა.