ბრიტანული დაზვერვა რუსულ დამოუკიდებელ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთისთვის წარმოქმნილი პრობლემების გამო თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ფაქტობრივად ჩამოშორებულია მართვას და პუტინს ომის შესახებ ცნობებს უშუალოდ სამხედრო მეთაურები აწვდიან.
„მას შემდეგ, რაც ომში რუსეთის წინსვლა ჩავარდა, უშუალოდ საომარი გამოცდილების მქონე რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები, სავარაუდოდ, რეგულარულად დასცინიან შოიგუს მისი არაეფექტიანი და რეალობისგან მოწყვეტილი მართვის გამო.
შოიგუ კი ალბათ დიდი ხანი ცდილობდა, დაეძლია მის შესახებ შექმნილი არახელსაყრელი რეპუტაცია, როგორც სამხედრო გამოცდილების ნაკლებობის მქონე პირისა, რადგან კარიერის უმეტესი ნაწილი სამშენებლო სექტორსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროში აქვს გატარებული“, – წერს ბრიტანული დაზვერვა.
მას შემდეგ, რაც ზაფხულის დასაწყისში რუსულმა არმიამ ლუჰანსკის ოლქში მდებარე ქალაქების სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის დაკავება მოახერხა, საოკუპაციო ძალებს უკრაინაში არსებითი წინსვლა აღარ ჰქონიათ.
რუსული არმიის შეტევები შეჩერებულია უკრაინის სამხრეთში ხერსონისა და ზაპორიჟიის მიმართულებით. აღმოსავლეთით, ხარკივისა და დონეცკის მიმართულებებზე კი რუსებს უკრაინელების მიერ შექმნილი თავდაცვითი ზღუდეების გარღვევა უჭირთ.
სერგეი შოიგუ რუსეთის თავდაცვის მინისტრად 2012 წელს დაინიშნა, თუმცა მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, სამხედრო სფეროში გამოცდილება არ ჰქონია.