რუსული მედიის ინფორმაციით, ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრი, ალექსანდრ მურახოვსკი, რომელიც 7 მაისს ტყეში გაუჩინარდა, ცოცხალი იპოვეს.
„ჯალექსანდრ მურახოვსკი ხალხთან სოფელ ბასლიში გამოჩნდა. ის კარგად არის, თუმცა სამედიცინო შემოწმებას ბოლშეუკოვსკის რაიონულ საავადმყოფოში მაინც გადის“, – აცხადებს რეგიონის პრესსამსახური.
რუსული მედიის ინფორმაციით, მურახოვსკი ტყეში სანადიროდ კვადროციკლით წავიდა და გაუჩინარებამდე მონადირეთა ერთ-ერთ სახლში იმყოფებოდა. მოგვიანებით მისი კვადროციკლი იპოვეს, თუმცა მურახოვსკი იქ არ იყო.
როგორც ცნობილია, ალექსანდრ მურახოვსკი ერთ-ერთი პირველი ექიმი იყო, რომელმაც აგვისტოში ნერვული აგენტით, სავარაუდოდ, „ნოვიჩოკით“ მოწამლულ ალექსეი ნავალნის უმკურნალა. ის იმ კლინიკის მთავარი ექიმი იყო, რომელშიც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ნავალნი გადაიყვანეს. თუმცა, მან ნერვული აგენტის კვალის არსებობა უარყო. ნოემბერში მურახოვსკი დააწინაურეს და ოლქის ჯანდაცვის მინისტრად დანიშნეს.
ნავალნის მოწამვლის შემდეგ კი საეჭვო გარემოებებში გარდაიცვალა მისი მკურნალი ორი ექიმი.