პარტია „ქართული ოცნებიდან” წასული წევრი სოზარ სუბარი აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მისამართით მორიგ წერილს ავრცელებს და ავითარებს მსჯელობას, რომ ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა შეიძლებოდა, სხვადასხვა ფორმით ყოფილიყო გამოხატული. გთავაზობთ მის წერილს:
„ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა სხვადასხვა ფორმით შეიძლებოდა ყოფილიყო გამოხატული. მაგალითად, თუ კელი დეგნანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე ომთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციით გამოხატა უკმაყოფილება და ამ უკმაყოფილებაზე მითითებით, ბიძინა ივანიშვილს დაჟინებით პოლიტიკაში დაბრუნება მოსთხოვა, ყველა დაგვეთანხმება, რომ ეს უკვე ცხადი შანტაჟია. ამ ყველაფერს ისიც თუ დაემატა, რომ შეხვედრაზე ელჩი ბიძინა ივანიშვილისგან, მაგალითად, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მთელი დაჟინებით ითხოვდა, ომისკენ მიმართული შანტაჟის ლოგიკური ჯაჭვი უკვე სრულად იკვრება.
ცხადია, ბიძინა ივანიშვილს ელჩისგან უშუალო დაშანტაჟება საერთოდ არ ჭირდებოდა. როდესაც ელჩი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, ეს უკანასკნელი უკვე მძიმე შანტაჟის ქვეშ იყო მოქცეული. იმ დროისათვის, მას შეჩერებული ქონდა არა მხოლოდ საბანკო გადარიცხვები, არამედ, აგრეთვე, ფერწერული ნამუშევრების გადატანა ნიუ-იორკიდან და ლონდონიდან და ვერტმფრენის ჩამოყვანა გერმანიიდან, რაზეც საერთაშორისო მედიაში უამრავი სტატიაც დაიბეჭდა. ასეთ პირობებში, ბიძინა ივანიშვილის არდაშანტაჟება ზუსტად ისეთივე სიმართლეა, როგორც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის ამერიკაში ვიზიტის „რუტინული მიზეზებით“ გაუქმება.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დიპლომატიას თავისი შეზღუდვები აქვს და ელჩი საქართველოს ომში ჩართვას ბიძინა ივანიშვილისგან ღია ტექსტით არ მოითხოვდა, მით უმეტეს, რომ შეხვედრა, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ სივრცეში გაიმართა. თუმცა, ცხადია, ომთან დაკავშირებით მთავრობის პოზიციით უკმაყოფილების გამოხატვა, პოლიტიკაში დაბრუნების მოთხოვნა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე დაჟინება ბიძინა ივანიშვილისთვის იქნებოდა სრულიად საკმარისი ლოგიკური საფუძველი იმისათვის, რომ ელჩის საუბარი საქართველოს ომში ჩათრევისკენ მიმართულ შანტაჟად აღექვა. ბიძინა ივანიშვილის წერილიდან ეს აღქმა ძალიან მკაფიოდ იკითხება.
აქედან გამომდინარე, ქალბატონ კელი დეგნანს მინდა დავუსვა შემდეგი შეკითხვა:
- ა) ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას, გამოთქვა თუ არა მან უკმაყოფილება ომთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციის გამო;
- ბ) ამ უკმაყოფილების ნიადაგზე, მოსთხოვა თუ არა მან ბიძინა ივანიშვილს დაჟინებით პოლიტიკაში დაბრუნება;
- გ) შეხვედრისას, მოსთხოვა თუ არა მან ბიძინა ივანიშვილს რუსეთისთვის სანქციების დაწესება.
ამ კითხვებზე პასუხი მეც და ქართულ საზოგადოებასაც შეუქმნის ნათელ წარმოდგენას იმის შესახებ, ცდილობდა თუ არა ამერიკის ელჩი ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებას საქართველოს ომში ჩართვის მიზნით. თუ ამერიკის ელჩი ამ ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილს ფაქტობრივი სანქციების ფონზე ესაუბრა, ეს შანტაჟის სრულიად უტყუარი მტკიცებულებაა.
ბოლოს, ბიძინა ივანიშვილის ფინანსებზე ზრუნვისთვის ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ სპეკულაციურად რომ არ მისაყვედუროს, ვიტყვი, რომ მე არა ბიძინა ივანიშვილის ფინანსებს ვიცავ, არამედ არსებითად ის მაინტერესებს, ეს ფინანსები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ შანტაჟისთვის ხომ არ გამოიყენება”, – ნათქვამია წერილში.