ონის ავტოსადგური: „სტიქიის ზონიდან გადაადგილებაში ხალხს უსასყიდლოდ დავეხმარებით“

პუბლიკა

ონის ავტოსადგური „მგზავრები“ მოქალაქეებს სტიქიის ზონიდან გადადგილებაში დახმარებას უსასყიდლოდ სთავაზობს.

ავტოსადგურის განცხადებითვე, დახმარების მსურველებს თბილისიდანაც ჩაიყვანენ შოვის ტერიტორიაზე.

მსურველებისთვის მითითებულია საკონტაქტო ტელეფონის ნომერიც: 599 12 09 29

შოვში, სტიქიის ზონაში დღეს კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „პუბლიკას“ შსს უდასტურებს.

საერთო ჯამში, ამ დროისთვის სტიქიას შოვში 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შსს-ს ცნობით, სტიქიის ზონაში დილიდან გრძელდება სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ჩართულია შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მეხანძრე მაშველები და მუშაობს 2 ვერტმფრენი.

ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ ბოლო მონაცემებით, 35 ადამიანთან კონტაქტი ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თქმით, იმ ადგილას, სადაც ე.წ. კოტეჯები იყო, აღარაფერია დარჩენილი.

მეწყერი შოვში გუშინ, 3 აგვისტოს „სანსეტ შოვის” მიმდებარედ ჩამოწვა.

შსს მოუწოდებს მოსახლეობას, თუ ფლობენ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ, დაუკავშირდნენ აღნიშნულ ნომერზე: 598 913 089.