ონის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან, სამართალდამცველებმა ხელყუმბარა აღმოაჩინეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ონის მუნიციპალიტეტში აღმოჩენილი საბრძოლო მასალის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 20 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირში, საოკუპაციო ხაზთან, უკანონოდ აღმართულ ლითონის ორ ცალ ბოძზე, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღმოჩენილი იქნა სავარაუდოდ საბრძოლო მასალა „F-1“ ტიპის მსგავსი ასაფეთქებელი მოწყობილობა – ხელყუმბარა.

პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიების პროცესში, გამნაღმველების მონაწილეობით მოხდა, „F-1“ ტიპის მსგავსი, ე.წ. „სტრაიგ ბოლის“ სასწავლო-ხმოვანი, პლასტიკური კორპუსის მქონე ხელყუმბარების ამოღება, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით, გამნაღმველების მიერ ადგილზევე იქნა განადგურებული.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებლის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, სოფელ ირში პატრულირების დროს მათ აღმოაჩინეს ოკუპანტების მიერ მავთულხლართზე დამონტაჟებული ხელყუმბარა და შეატყობინეს შესაბამის უწყებებს.