თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 პირის პროცესი მიმდინარეობს.
ერთ-ერთი ბრალდებული, ონისე ცხადაძე მამის გარდაცვალების შემდეგ პროცესს პირველად დაესწრო.
მან დღევანდელ სასამართლოზე მამის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა.
„…მე შემიძლია სამი თაობა მოგიყვანოთ, რომ იმ ასაკში, როცა მამაჩემი გარდაიცვალა მის სისხლში და ხორცში არ გარდაცვლილა არავინ… გულზე არ სჭირდა არაფერი, პირველად მის გულზე ხელი დავინახე, როცა მაკავებდნენ… მას თავის ცხოვრებაში არავისთვის არაფერი დაუშავებია…
ვფიქრობ, როგორ, სამაგიერო როგორ გადაგიხადოთ და გეტყვით ერთ სასამართლო პროცესს, სერიული მკვლელის სასამართლო პროცესს, რომელსაც უამრავი ადამიანი ჰყავდა დახოცილი. გამოდიოდნენ დახოცილი ადამიანების ოჯახის წევრები და ყველა საშინელ სიტყვას ეუბნებოდნენ, ემუქრებოდნენ, ლანძღავდნენ… ესეც ისე იყურებოდა, როგორც მანიაკს შეშვენის, მანიაკის სახით.
ბოლოს სასულიერო პირმა თავის შვილზე, გოგოზე უთხრა, რომ მიპატიებიაო და ჩამოიშალა მის სახეზე ყველაფერი, თითოეული წერტილი და ადამიანური რაღაც. ესეც მანიაკობაა, რასაც თქვენ აკეთებთ და ჩემთვის კი, მკვლელები ხართ.
მე არ ვაპირებ, რომ ადამიანურად არ გაპატიოთ, მაგრამ სამართლებრივად რაც შეეხება, მე პირობას გაძლევთ, მოვა ამ ქვეყანაში დრო, უმაღლესი თანამდებობის პირიდან დაწყებული, აი, ის ბიჭი, დამხმარე რომ ზის და ჰგონია, რომ არაფერ შუაშია, იმით დამთავრებული, ყველას მოეთხოვება. იმის გამო კი არა, რომ მე ღვარძლი მექნება, რამე შურისძიების, არა, იმიტომ, რომ სხვებს არ გაუჩნდეთ იმის სურვილი, რასაც თქვენ აკეთებთ და იცოდეთ, რომ მაგაში დამნაშავეები თქვენ ხართ.
თუ გინდათ, მოგიყვეთ, როგორ მოკვდა მამაჩემი, ციხეში ვიგებ, რომ ჭიშკართან პოულობენ მამაჩემს მკვდარს. რომელიმეს არ გაინტერესებთ ეს? ბავშვობაში რაღაც რომ დაგვიშავებია ელემენტარული რაღაც, რომელიც შეიძლება არ ახსოვდეს არავის, დღეს რომ ვფიქრობ, არ ვიცი, იმასაც კი ვნანობ. თქვენ არ გაგაჩნიათ რამე ასეთი გრძნობა?
ხალხს მინდა, რომ მადლობა გადავუხადო. მე ჩემი თვალით არ მინახავს, მაგრამ მითხრეს და რომც არ ეთქვათ, ვგრძნობ და ძაან მიხარია, რომ თქვენნაირი ადამიანები ამ ქვეყანაში ბევრნი არიან. ისიც მიხარია, რომ მე ვიცხოვრე ისე, რომ დავიმსახურე ეს ყველაფერი.
ეს რაც მოხდა, ჩემი პირადი ტრაგედიაა და ადრე თუ გვიან ეს ჩემი და ჩემი ოჯახის სატარებელი იქნება, მეტის არავის.
მე უარესსაც ველოდები. ხვალ შეიძლება მე არ ვიყო. ასეთი ბრძოლაა. რა უჭირს, მე რომ ხვალ არ ვიყო და ქვეყანა გადარჩეს. ოღონდ ეგ მოხდეს და მეტი არაფერი არ მაინტერესებს. ამათ ვერ გააგებინებ ამას. ვალდებულებები აქვთ და მაგას აკეთებენ. ადამიანური გრძნობები რა იციან მაგათ“, – თქვა ონისე ცხადაძემ.
მის ამ განცხადებას მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის რეპლიკა მოჰყვა.
მოსამართლე: ონისე, მესმის, რომ, რა ტრაგედიაც…
ონისე ცხადაძე: არ გესმით
მოსამართლე: დავასრულოთ, უბრალოდ კარგად მესმის, რა მდგომარეობაშიც ხართ. გაძლევთ უფლებას, ისაუბროთ აღნიშნულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მაგრამ ძალიან არ მინდა, შეგაწყვეტინოთ, მაგრამ კორექტულობის ფარგლებში რომ გამოხატოთ…
ონისე ცხადაძე: მამათქვენი როგორ არის? ცოცხალი გყავთ მამა?
მოსამართლე: დავასრულოთ, ონისე, მსგავსი კომენტარებისგან თავი შევიკავოთ
ონისე ცხადაძე: ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება ისე, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ქვეყანა მეცოდება, საიდან იქნება ამოსაყვანი, ამოსათრევი ეს ქვეყანა, რომელზეც არავინ არ ფიქრობს. არა უშავს, მოხდა, ხდება და მე, ზოგადად, სიკვდილის შიში დიდი ხანია, დამარცხებული მაქვს და კიდევ ერთი მიზეზი მაქვს, რომ სიკვდილის არ შემეშინდეს. ამის გამო თავს ვერ დავხრი, ვერავის ვერ შევეხვეწები, გამიშვით-მეთქი, გავაგრძელებ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდი. ჩემთვის ვიდარდებ და ქვეყანას მივხედოთ, ეს თხოვნა მექნება თქვენთვის., საერთოდ,.ჩემზე ნუ იდარდებთ, იმაზე იდარდეთ, რა ქვეყანაც გვაქვს და როგორი დამოკიდებულებაც აქვთ ამ ადამიანებს“.
ონისე ცხადაძის მამა 26 ივნისს გარდაიცვალა.
30 ივნისს ონისე ცხადაძის ძმამ, სანდრო ცხადაძემ დაწერა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა ონისე ცხადაძე მამის პანაშვიდზე მიიყვანა.