ონკოლოგიური დაავადებების მართვა – სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტები ჯანდაცვის მიმართულებით

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამა.

სამთავრობო პროგრამაში ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ნათქვამია, რომ გაგრძელდება მიზნობრივი ჯგუფების (სოციალურად დაუცველთა, საპენსიო ასაკის პირთა, ვეტერანთა და სხვ.) ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა, მედიკამენტებისა და ბენეფიციართა სიის გაფართოება.

აქვე ნათქვამია, რომ ონკოლოგიური დაავადებების მართვა და ეფექტიანი მკურნალობა სახელმწიფოსთვის კვლავ ერთ-ერთი წამყვანი პრიორიტეტი იქნება და საფუძველი ჩაეყრება ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო ეფექტიან და თანამედროვე მეთოდებს.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გაგრძელდება  ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, საოჯახო საცხოვრისებისა და თავშესაფრის სერვისების გაფართოება და სერვისების მიმწოდებელი პერსონალის  გადამზადება.

აქვე ვკითხულობთ, რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემაში განხორციელდება ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის დანერგვის ღონისძიებები, გაძლიერდება ავადობისა და სიკვდილიანობის ყველაზე მძიმე ტვირთის მქონე დაავადებათა პრევენცია და პრიორიტეტული გახდება დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა მათი გართულების თავიდან ასაცილებლად.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დაიწყება ნებაყოფლობითი საერთაშორისო აკრედიტაციის მექანიზმების შემუშავების პროცესი. განხორციელდება ფარმაცევტული სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან, დაინერგება სამკურნალო საშუალებების შექმნის, სტანდარტიზაციის, ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის თანამედროვე მიდგომები.

აქვე ვკითხულობთ, რომ დიპლომისშემგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდება სამედიცინო განათლების სისტემური რეფორმა, განხორციელდება  ღონისძიებები უწყვეტი სამედიცინო განათლების სავალდებულო სისტემის ეტაპობრივად შემოღებისა და დარგობრივი ასოციაციების/პროფესიული ორგანიზაციების აღიარების ეფექტიანი მექანიზმის  ასამოქმედებლად.