ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა სრულად დაფინანსდება - მთავრობა

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოში, დაახლოებით, 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი გვყავს, რომელთაც, სახელმწიფო აფინანსებს დაახლოებით 10 მილიონი ლარით წელიწადში.

„მოგეხსენებათ, სამწუხაროდ საქართველოში, დღეს არ არის ყველა ის პირობა შექმნილი, რომ პაციენტებს სრულყოფილი და ხარისხიანი, კარგი სტანდარტის სერვისები მივაწოდოთ. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ გვჭირდება ამ ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ. ისეთი სერვისებისთვის როგორიცაა, თუნდაც პროტონული თერაპია, დასხივება და ა.შ. რომელიც მრავალი ათასი ამერიკული დოლარი ჯდება. ზოგ შემთხვევაში, 100 ათასი ევრო ჯდება ერთი კურსი. რა თქმა უნდა, ამის საშუალება ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ. ჩვენი გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, შერჩეულია რამდენიმე საუკეთესო კლინიკა მთელს მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა. ბიუჯეტი კი დაახლოებით 30 მილიონ ლარამდე იქნება გამოყოფილი.

„ჩვენ სრულად დავფარავთ ყველა ხარჯს, იქნება ეს მკურნალობის, ცხოვრების თუ მგზავრობის. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვის მკურნალობა დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, საქმე ეხება სიცოცხლის გადარჩენას და ჩვენი ვალია ყველა ასეთ ადამიანს დავეხმაროთ. კარგია, რომ ჩვენ შევძელით და გამოვნახეთ სათანადო თანხები ამ მიზნით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.