ონკოპაციენტები მთავრობის ადმინისტრაციასთან პერმანენტულ აქციებს იწყებენ. ისინი ითხოვენ მკურნალობისთვის გამოყოფილი 25-ათასლარიანი ლიმიტის გაუქმებას და პერსონალიზებულ მედიცინას.
ასევე ითხოვენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას გადადგომას.
მათ ასევე მოითხოვეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა და კანცელარიაში შესაბამისი განცხადებაც დატოვეს.
მოძრობა „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელმა გვანცა აფხაიძემ ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ონკოლოგიური მედიკამენტები 25 000-ლარიან ლიმიტში აღარ შევა.
საქმე ეხება 13 მედიკამენტს. გვანცა აფხაიძის თქმით, ეს ძალიან ცოტაა. ამასთან, წამლები, რომლებიც უნდა დაფინანსდეს, დეფიციტშია და არ იშოვება. ზოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამალი კი საქართველოში ჯერ რეგისტრირებულიც არ არის.
გვანცა ასევე ამბობს, რომ ონკოპაციენტებს უგვიანდებათ დასტური დაფინანსებაზე, მათ კი „ლოდინის დრო არ აქვთ”.
„ჩვენი მოთხოვნაა, რომ ყველა ონკოპაციენტის სიცოცხლისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა აუცილებელი მედიკამენტი და არა განსაზღვრული რაოდენობა. ძალიან კარგად ვიცით, რომ 13 და 21 მედიკამენტი სრული სიმსივნეების სპექტრისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის და ვერც იქნება. ამიტომ, ყველა მედიკამენტი უნდა შედიოდეს დაფინანსების პროგრამაში”, – ამბობს გვანცა აფხაიძე.
მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ ირაკლი კობახიძე სწრაფ რეაგირებას მოახდენს.