ონკოპაციენტები ღამეს მთავრობის ადმინისტრაციასთან ათევენ

პუბლიკა

ონკოპაციენტები ღამეს მთავრობის ადმინისტრაციასთან ათევენ.

პერმანენტული აქციები მათ დღეს, 8 აპრილს დააანონსეს. 

ადგილზეა მოძრობა „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი გვანცა აფხაიძე, რამდენიმე სხვა ონკოპაციენტი კი მას მარტო არ ტოვებს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც გვანცა ამბობს, ზოგიერთი მათგანისთვის ღამის გათენება, უძილობა და სიცივე „არ შეიძლება”.

„ზოგიერთი მწერს, თავს დამნაშავედ ვგრძნობთ, რომ ვერ მოვდივართო. გთხოვთ, ნუ გრძნობთ თავს დამნაშავედ. თავი დამნაშვედ იგრძნოს პრემიერმინისტრმა, დღეს ჩვენთან შესახვედრად რომ არ გამოვიდა და პრეზიდენტმა, ერთი სიტყვა რომ არ თქვა ჩვენ მხარდასაჭერად”. – თქვა მან ფეისბუქ ლაივში.

ონკოპაციენტებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ:

  • მკურნალობისთვის გამოყოფილი 25-ათასლარიანი ლიმიტის გაუქმება;
  • პერსონალიზებული მედიცინა – ყველა პაციენტს ინდივიდუალური მკურნალობა სჭირდება, რაც სხვადასხვა ხარჯთან არის დაკავშირებული.
  • ჯანდაცვის მინისტრის, თამარ გაბუნიას გადადგომა, ვინაიდან მან „ონკოპაციენტები მოატყუა”.
  • ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა.

ონკოპაციენტების თქმით, ჯანდაცვის მინისტრის რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება, რომლის მიხედვითაც, შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ონკოლოგიური მედიკამენტები 25 000-ლარიან ლიმიტში აღარ შევა, არ არის ის, რაც მათ თავდაპირველად ეგონათ. მათი განცხადებით, მიხეილ სარჯველაძემ „სიტყვებით ითამაშა”.

როგორც ონკოპაციენტები ამბობენ, 25-ათასლარიანი ლიმიტის მიღმაა მედიკამტები, რომლებიც ისედაც ფინანსდებოდა – საქმე ეხება 13 დასახელების წამალს. გვანცა აფხაიძის თქმით, ეს ძალიან ცოტაა. ამასთან, ეს წამლები დეფიციტშია და არც იშოვება. ზოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამალი კი საქართველოში ჯერ რეგისტრირებულიც არ არის.

ონკოპაციენტებისვე განცხადებით, უგვიანდებათ დასტური დაფინანსებაზე, მათ კი „ლოდინის დრო არ აქვთ” – 2 და 3 თვე მათთვის შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.