ონკოპაციენტი ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამას 3 კლინიკა დაემატა - სამინისტრო

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამას სამი ახალი კლინიკა დაემატა: თურქეთის „აჯიბადემის ჰოსპიტალი“, „ლივ ჰოსპიტალი“ და ჰოსპიტალი „მემორიალი“.

პროგრამა 2023 წელს ამოქმედდა და პირველ ეტაპზე ბენეფიციარები სამედიცინო სერვისებს ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის“, ისარელის „თელ-ავივ იხილოვისა“ და თურქეთის „ანადოლუს“ სამედიცინო ცენტრებში იღებდნენ.

სამინისტროს ცნობით, პროგრამა მოიცავს დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას, ასევე პროტონოთერაპიას. სამედიცინო მომსახურების ხარჯებს ბენეფიციარებისთვის სახელმწიფო აფინანსებს. დღემდე, პროგრამაში, 50-ზე მეტი ბავშვია ჩართული.

„18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პირების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა. აღნიშნულ ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი, ერთ სივრცეში. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს“, – ნათქვამია სამინისტროს რელიზში.

15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღეა.