თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნა არსებული ხელფასების 100%-ით ზრდაა „რაც, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე შეუძლებელია“.
ადმინისტრაციის განცხადებით, ხელფასების ზრდასთან დაკავშირებული პროცესი დასრულებულია.
„2023 წლის 02 ოქტომბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ჩვენი თეატრისათვის შეითანხმა სახელფასო ბიუჯეტის ზრდა 701 000 ლარის ოდენობით, რაც მომავალი წლის იანვრიდან შევა ძალაში. ამის შესახებ ოფიციალურადაც გვეცნობა სამინისტროს 18 ოქტომბრის წერილით. შესაბამისად, 2024 წლის 1 იანვრიდან, თეატრის სცენის სამსახურის თანამშრომლებს შრომის ანაზღაურება გაეზრდებათ 35-40%-ით.“
განცხადებაში წერია, რომ შრომის ანაზღაურების ზემოაღნიშნული პროცენტული ზრდა თეატრის სცენის სამსახურში დასაქმებული პირებისათვის არ აღმოჩნდა მისაღები.
„აქვე გაცნობებთ, რომ გაფიცულ თანამშრომელთა მიმდინარე ყოველთვიური შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა შეადგენს 650 ლარს, მაქსიმალური – 1100 ლარს.
ერთ-ერთ გაფიცულ თანამშრომელს შეთავსებული აქვს სხვა საშტატო თანამდებობა, რომლის ჯამური ანაზღაურება შეადგენს 1350 ლარს.
ასევე, აღნიშნულ თანამშრომლებზე რეგულარულად გაიცემა სახელფასო დანამატები.
2024 წლის 01 იანვრიდან, სცენის სამსახურის ყველა თანამშრომლის ყოველთვიური შრომის ანაზღაურების მატება გათვალისწინებულია 35 – 40%-ით“, – აღნიშნულია განცხადებაში.