ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კორონავირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდა პაციენტი, რომელსაც კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.
ბოჭორიშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებულ ახალგაზრდა კაცს ქირურგიული ჩარევა (ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია) 29 აპრილს ჩაუტარდა.
კლინიკას დღეს ახალი პაციენტი არ მიუღია.
მისივე თქმით, ამ დროისთვის საავადმყოფოს ბოქსირებულ სექტორში არის 82 პაციენტი, აქედან 66 დადასტურებული კოვიდინფექციით. აქედან 13 არის 18 წლამდე ასაკის პაციენტი. 8 პაციენტი რჩება საყურადღებო, დანარჩენების მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ხასიათდება.
მისივე თქმით, ყველა სამედიცინო დაწესებულებას აქვს ვალდებულება, ყველა თანამშრომელს გეგმიურად 15 დღეში ერთხელ ჩაუტაროს ტესტი. უკვე ჩატარებულია ტესტი კლინიკაში 50-ზე მეტ თანამშრომელთან. ყველას პასუხი არის უარყოფითი.
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 9 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჯამში გამოჯანმრთელებულია 297 ადამიანი. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა.
განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 626;
- აქედან გამოჯანმრთელებული – 297;
- გარდაცვლილი – 10;
- კარანტინის რეჟიმში – 4702;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 459;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.