ისრაელსა და ღაზის სექტორში მყოფ შეიარაღებულ ჯგუფებს შორის დაპირისპირება კიდევ ერთხელ დაიწყო.
წუხელ ისრაელის ავიაციამ ღაზაზე იერიშები მიიტანა, რასაც 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვი. ავიაიერიშებისას დაიღუპა „პალესტინის ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი ლიდერი ტაისირ ჯაბარიც.
ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, ჯიჰადისტებისგან ფართომასშტაბიანი თავდასხმის რეალური საფრთხე არსებობდა და მათ მიერ მიტანილი იერიშებიც ამ საფრთხის განეიტრალებას ისახავდა მიზნად.
ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვას საპასუხო ცეცხლი მოჰყვა პალესტინელთა მხრიდანაც. ჯიჰადისტებმა 200-მდე რაკეტა ისროლეს ისრაელის მიმართულებით, მაგრამ ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ მათი უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს, რაკეტების მცირე ნაწილი კი ისეთ ადგილებში ჩამოცვივდა, რომ მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„პალესტინის ისლამური ჯიჰადის“ მიერ სარაკეტო დარტყმების შემდეგ, წუხელ ისრაელმა კიდევ არაერთი ავიაიერიში მიიტანა ღაზის სექტორში სამხედრო ობიექტებზე. ისრაელის შეიარაღებული ძალების განცხადებით, განადგურებულია 30 ასეთი ობიექტი, მათ შორის, საბრძოლო მასალების ორი საწყობი და რაკეტების 6 საწარმო.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ ოპერაცია „განთიადი“ შესაძლოა, ერთ კვირას გაგრძელდეს. ისრაელის მედიის ინფორმაციით, შეიარაღებულ ძალებში 25 000 რეზერვისტის მობილიზაციაც გამოცხადდა.
ღაზის სექტორის დაბომბვასთან ერთად ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე 19 პირი დააკავა, რომლებიც ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, „ისლამური ჯიჰადის“ წევრები იყვნენ.
ისრაელსა და პალესტინელ ჯიჰადისტებს შორის დაპირისპირებას წინ უძღოდა დასავლეთ სანაპიროზე პალესტინური დაჯგუფების ლიდერის დაკავება. ისრაელის ხელისუფლების მტკიცებით, სწორედ ის იდგა ტერორისტული თავდასხმების უკან, რომელსაც ისრაელისა და უკრაინის მოქალაქეები ემსხვერპლნენ.
ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის ეს ყველაზე მასშტაბური დაპირისპირებაა გასული წლის შემდეგ, როცა 11-დღიანი ომის შედეგად 2021 წლის მაისში ათეულობით ისრაელელი და 200-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.
„პალესტინის ისლამური ჯიჰადი“ ირანის მიერ მხარდაჭერილი ისლამისტური მოძრაობაა. ისრაელის ხელისუფლების მტკიცებით, ეს დაჯგუფება არაერთი ტერორისტული აქტისა და სარაკეტო თავდასხმის ავტორია.
ჯერჯერობით დაპირისპირებაში არ ჩართულა „ჰამასი“, რომელიც პალესტინაში ყველაზე მსხვილი დაჯგუფებაა და ღაზის სექტორს მართავს. BBC-ის ცნობით, „ჰამასმა“ დაგმო ისრაელის იერიშები, მაგრამ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვისგან თავის შეკავებას ცდილობენ. თავის მხრივ, არსებული ცნობებით, არც ისრაელს დაუბომბავს „ჰამასის“ ობიექტები.