პროკურატურაში დღეს პოლიტიკოს გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარე 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძის აპარატის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე გამოიკითხა.
მანამდე ის აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით „ოცნების“ პარლამენტში თეა წულუკიანის კომისიაზე დაკითხეს. ჭოლაძე ამბობს, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში იყვნენ დეპუტატები, ასევე გერმანიის ელჩი. მისივე პოზიციით, ბახტაძის იმ ღამით გაკეთებული განცხადება გახარიას მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა:
„20 ივნისთან დაკავშირებით ვიყავი, ჩორჩანას ეპიზოდზე ჩემ შემთხვევაში არ ყოფილა კითხვები დასმული… მთელი ღამე, მთელი პროცესის განმავლობაში როცა გადავედი, იქ ვიყავი და ვიყავი იმ ყველაფრის შემსწრე, რაც იქ ხდებოდა…
პარლამენტის შენობაში, ზვიად ძიძიგურის ოთახში იყო შეკრებილი ის ხალხი, ვინც მე საგამოძიებო კომისიაზე ჩამოვთვალე, შესაბამისად, გახარია იქ იღებდა გადაწყვეტილებებს და იძლეოდა ბრძანებებს, ამასთან დაკავშირებით იყო კითხვები, მეტი არაფერი. […] გერმანიის ელჩი იყო იქ, მე რომ მივედი იქ იყო. [გერმანიის ელჩთან დაკავშირებით გკითხეს?] ყველა დეტალზე მკითხეს, რაც ხდებოდა იმ საღამოს… ერთი ოთახი იყო იქ მხოლოდ, სადაც იჯდა გერმანიის ელჩიც, ზოგი ფეხზე იდგა, ზოგი იჯდა, არ ვიცი, დეპუტატები, მე და იყო მოსასვენებელი ოთახი საიდანაც მაშინდელი შს მინისტრი გასცემდა ბრძანებებს, მე შევდიოდი იმ ოთახში და გამოვდიოდი, პერიოდულად. ეს კადრებითაც უნდა ნახოთ, გახარიამ მე პირადად მითხრა, რომ [ელჩი] ჩემებმა ამოიყვანესო, სეირნობდა რუსთაველზეო, წარმოუდგენელი ამბავია, იმ დროს სერნობა რუსთაველზე. […] როგორც შემდეგ აღმოჩნდა, კადრებიდანაც ვხედავთ, რომ მანქანით მოვიდა, გაჩერდა, შევიდა პარლამენტის შენობაში… მე პირადად ეს ვუთხარი, რომ მისი იქ ყოფნა იყო კატეგორიულად მიუღებელი…
თუ გულისხმობთ ოპერატიულ ნაწილს, ის არავის არ უზიარებდა, თვითონ იღებდა ამ გადაწყვეტილებებს. […] პრემიერმა განცხადება გააკეთა პრესასთან, როგორც ახლა მე ვარ აქ, თქვენთან, რომ მივტრიალდე და ვთქვა, არ აპირებს ჩევნი ხელისუფლება სხვა ხელისუფლებისგან განსხვავებით ამის გაკეთებას, მივტრიალდე, შევიდე სადღაც, სადაც მელოდება შს მინისტრი და ამ პროცესში, მე არ მინდა ქრონოლოგიურად რაღაც შემოშალოს, მაგრამ მე პირადად რომ შევედი ზვიად ძიძიგურის ოთახში, სადაც ეს შტაბი იყო, სროლა უკვე დაწყებული იყო“, – თქვა მან.
გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე აღიძრა 2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევისა და ჩორჩანის საგუშაგოს ეპიზოდებზე.
ორივე საქმეზე გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
პროკურატურის ვერსიით, 20 ივნისის საქმეზე გახარიამ გდდ-ის თანამშრომლებს „ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში გამოყენება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას.“
ექსპრემიერს რომელიც თვეებია, საქართველოში არ იმყოფება, ბრალდება ორი მუხლით წარედგინა:
- 25-117 მუხლის მე-3 ნაწილის (მ) ქვეპუნქტით – ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ამსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობით – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
- მუხლი 333, მე-2 ნაწილი – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.