ოპერატორის დისკრედიტაციის მიზნით, შსს ზედოზირებით გარდაცვალების ვერსიაზე საუბრობს

პუბლიკა

„განიხილება ზედოზირებით გარდაცვალების ვერსიაც”, – შინაგან საქმეთა სამინისტროში „TV პირველის” ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა და ექსპერტიზის დასრულებამდე, გარდაცვლილის დისკრედიტაციის მიზნით, ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაცვალების ვერსიაზე ისაუბრეს.

„პირველადი მონაცემით, გუშინ რამდენიმე ლოკაციაზე გადაადგილდებოდა მეგობართან ერთად, მოპედის საშუალებით. იყო საბურთალოს რაიონი, იყო ფონიჭალის დასახლება. ფოლიჭალაში იყვნენ 2-ჯერ ჩასულები. თუმცა ამაზე შეგნებულად არ გვინდა ხაზგასმა, რათა წინსწრებით არ მოხდეს ვერსიების გაჟღერება შსს-დან…

ახლაც მიმდინარეობს ექსპერტიზა. არ იქნება სწორი და პროფესიონალური, რომ გამოძიებამ წინასწარ ზედოზირებაზე ისაუბროს, თუმცა ეს ვერსიაც განიხილება. ექსპერტიზის პროცესში ჩართულია ოჯახი და დამოუკიდებელი ექსპერტი, და ზედმიწევნით შევისწავლით გარდაცვალების უშუალო მიზეზებს, ნარკოტიკების როლს მის გარდაცვალებასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ სხვა შესაძლო შედეგებს”, – განაცხადა ჭელიძემ.

მასივე თქმით, სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის გარდა, აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის – გამოკითხვა იმ პირების, რომელთანაც ბოლო პერიოდში ჰქონდა გარდაცვლილს შეხება.

„ვსწავლობთ მისი გადაადგილების მარშრუტის ამსახველ კადრებს, ასევე ვახდენთ მასთან კავშირში მყოფი პირების იდენტიფიცირებას და გამოკითხვას”,  – ამბობს ის.

შსს-ს ცნობით, 5 ივლისს ალექსანდრე ლაშქარავას ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.


დღეს გამთენიისას „TV პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ამ დროისთვის ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.