ოპერის თანამშრომლებს გაფიცვამდე ხელფასების 35-40%-ით გაზრდა შევთავაზეთ, მათ კი 100% მოითხოვეს - ადმინისტრაცია

პუბლიკა

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი თავისი თანამშრომლების ნაწილის გაფიცვას ეხმაურება. ოპერის თეატრის განცხადებით, ხელფასების 100%-ით გაზრდა, რასაც გაფიცული თანამშრომლები მოითხოვენ, ამ ეტაპზე, მათ არ შეუძლიათ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერის თეატრის ბიუჯეტი მომავალი წლიდან გაიზრდება და ხელფასებიც 35-40%-ით მოიმატებს.

„აღვნიშნავთ, რომ ხელფასების ზრდასთან დაკავშირებული პროცესი დასრულებულია და ის ჩვენი თეატრის მიერ დაიწყო გაცილებით ადრე, ვიდრე დასაქმებულები თეატრს მომართავდნენ ხელფასების მატების მოთხოვნით. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ სცენის სამსახურის თანამშრომლები.

კერძოდ, 2023 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ჩვენი თეატრისათვის შეითანხმა სახელფასო ბიუჯეტის ზრდა 701 000 ლარის ოდენობით, რაც მომავალი წლის იანვრიდან შევა ძალაში. ამის შესახებ ოფიციალურადაც გვეცნობა სამინისტროს 18 ოქტომბრის წერილით. შესაბამისად, 2024 წლის 1 იანვრიდან, თეატრის სცენის სამსახურის თანამშრომლებს შრომის ანაზღაურება გაეზრდებათ 35-40%-ით“, – ნათქვამია თეატრის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ოპერის თეატრის განცხადებით, ხელფასების ასეთი ზრდა თანამშრომლების ნაწილისთვის მიუღებელი იყო და გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა, თეატრის სცენის სამსახურის სხვა თანამშრომლები აგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და თეატრის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება.


21-დღიანი მედიაციის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილი გაიფიცა.

„მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის“ ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ წიქარიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ გაფიცული პერსონალი ხელფასის 100%-ით ზრდას და ორი გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენას მოითხოვს.

„მათი ანაზღაურება, დაახლოებით, არის საშუალოდ 500 ლარი და ითხოვენ 100%-იან ზრდას. ოპერასთან იყო მოლაპარაკებები, თუმცა შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა“ – თქვა წიქარიძემ.