ოპერის ყველა გაფიცული თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

პუბლიკა

„მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის“ ხელმძღვანელის, ნიკოლოზ წიქარიძის ინფორმაციით, მათ მიიღეს ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის, ბადრი მაისურაძის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ირკვევა, რომ გაფიცული 17 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

განცხადებაში წერია, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრმა სამსახურში მიიღო თანამშრომლები, რომლებიც ამჟამად ასრულებენ იგივე ფუნქციებს, რასაც გაფიცული თანამშრომლები.

„იმის გათვალისწინებით, რომ გაფიცული პირები გაფიცვიდან 30 დღის შემდეგაც არ აპირებდნენ სამსახურში დაბრუნებას, როდესაც თეატრში მიმდინარეობს აქტიური სეზონი, გასამართია სპექტაკლების პრემიერები და ხელი ეშლება თეატრის ნორმალურ ფუნქციონირებას, თეატრმა 2023 წლის 5 დეკემბრის შემდგომ შრომითი ხელშეკრულებებით სამსახურში მიიღო თანამშრომლები, რომლებიც ამჟამად ასრულებენ იგივე ფუნქციებს, რასაც გაფიცული თანამშრომლები. ამასთანავე, საშტატო განრიგით განსაზღვრული სახელფასო ბიუჯეტი სრულად იქნა მიმართული ახლად აყვანილი თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე.

ამდენად, რადგან თეატრს მოცემული მომენტისათვის, გაფორმებული აქვს შრომითი ხელშეკრულებები პირებთან, რომლებიც ასრულებენ იდენტურ ფუნქციებს, რასაც ასრულებდნენ გაფიცული თანამშრომლები და თეატრს არ ესაჭიროება ერთ პოზიციაზე ორი დასაქმებული პირი და ამასთანავე, აღარც ამის სახელფასო რესურსი გააჩნია, აღნიშნული ობიექტური გარემოების გათვალისწინებით, თეატრმა მიიღო გადაწყვეტილება, გაფიცულ პირებთან, 2023 წლის 28 დეკემბრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“, – აღნიშნულია ბრძანებაში.

ოპერისა და ბალეტის თეატრის გაფიცული თანამშრომლები დავის სასამართლოში გაგრძელებას აპირებენ.

დღეს, გაფიცვის 53-ე დღეს ოპერის 17-მა თანამშრომელმა პროტესტი შეწყვიტა, თუმცა ისინი სამსახურში არ შეუშვეს. ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლები სამსახურში დაბრუნებას მოითხოვდნენ.

ოპერის გაფიცულმა ტექნიკურმა პერსონალმა თეატრის ადმინისტრაციას განცხადებით 25 დეკემბერს მიმართა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ისინი გაფიცვას წყვეტდნენ. ასვეე, ოპერისა და ბალეტის თეატრი ინფორმირებული იყო, რომ გაფიცული თანამშრომლები სამსახურში დაბრუნებასა და მუშაობის აღდგენას აპირებდნენ.

21-დღიანი მედიაციის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილი 3 ნოემბერს გაიფიცა.

ოპერის თეატრმა ამავე დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ ხელფასების 100%-ით გაზრდა, რასაც გაფიცული თანამშრომლები მოითხოვენ, ამ ეტაპზე, მათ არ შეუძლიათ. მათი თქმით, ოპერის თეატრის ბიუჯეტი მომავალი წლიდან გაიზრდება და ხელფასებიც 35-40%-ით მოიმატებს.