დღეს თბილისის საკრებულოს სხდომა, სადაც მერმა კახა კალაძემ წლიური ანგარიში უნდა წარადგინოს, ხმაურით დაიწყო. საკრებულოში კახა კალაძის ანგარიშის მოსმენასთან ერთად მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზეც უნდა იმსჯელონ.
კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლა ვაკის პარკში დაღუპულ 13 წლის მარიტა მეფარიშვილზე საუბრით დაიწყო და შემდგომ მის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
„რაც შეეხება 2022 წელს, თბილისს დღეს არაერთი გამოწვევა ჰქონდა, არაერთი ნაწილი გამარჯვებით დავაგვირგვინეთ, მაგრამ გამარჯვებებთან ერთად, რა თქმა უნდა, იყო ბევრი პრობლემა, გამოწვევები, და სამწუხაროდ, დიდი ტრაგედია, რამაც ეს ყველაფერი გააუფერულა. როგორც პირადად ჩემთვის, ჩემი თანამშრომლებისთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ჩვეულებრივი ადამიანისთვის 4 შვილის მამისთვის…“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძე ასევე გამოეხმაურა „მშვიდობის ქალაქის” სლოგანის კრიტიკას და აღნიშნა, რომ ნებისმიერი საქმე, მიღწევა უფერულდება, თუკი არ არის მშვიდობა.
„განვითარება, სამომავლო გეგმები და პერსპექტივები, პროექტები მნიშვნელოვანია მხოლოდ მშვიდობიან გარემოში. სწორედ ამ შემთხვევაში აქვს აზრი ჩვენს შრომას, სწავლას, შემოქმედებას თუ მისწრაფებებს. ამიტომ ჩემთვის ცოტა უცნაური იყო, როდესაც წლევანდელ საახალწლო სლოგანს – „მშვიდობის ქალაქი“ – არაერთი სპეკულაცია მოჰყვა.