საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი შარლ მიშელის მედიაციით ჩამოწერილი საკამათო საკითხების უმეტესობაზე მუშაობს, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც მისი თქმით, დესტრუქციულ გზას ირჩევს.
„როდესაც პრეზიდენტი მიშელი იყო ჩამოსული და საუბარი იყო მათ შორის საქართველოს პრეზდენტის რეზიდენციაში იმ პუნქტებზე, რომელსაც ოპონენტები აყენებენ, დავაკვირდეთ, რომ „ქართული ოცნება“ ამ პუქტებს უკვე ასრულებს.
კერძოდ, არის თუ არა პრინციპული და ერთ-ერთი საკითხი საარჩევნო რეფორმა?! არის. რას ვაკეთებთ ჩვენ – ჩვენ გუშინწინ წარვადგინეთ საარჩევნო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტი. რას აკეთებს ჩვენი ოპოზიცია? არაფერს, არ შემოდის ამ პროცესში. ჩვენ ვაკეთებთ – ისინი მხოლოდ საუბრობენ.
მეორე – არის თუ არა ამ პუნქტებში ერთ-ერთი, საგამოძიებო კომისია?! არის. ჩვენ შევქმენით საგამოძიებო კომისია. რას აკეთებენ ჩვენი ოპონენტები? არ იღებენ მონაწილეობას ამ საგამოძიებო კომისიაში.
მესამე, არის თუ არა ერთ-ერთი პუნქტი პოტენციური, შესაძლო რიგგარეშე არჩევნები და არის თუ არა ის საგამოძიებო კომისიასთან კავშირში? დიახ, არის. ჩვენ შევქმენით საგამოძიებო კომისია და 1%-იანი ცდომილებაც რომ იყოს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, რაც რეალურად არ ნიშნავს ტოტალურ გაყალბებას, ვამბობთ, რომ ამის მიუხედავად მზად ვართ რიგგარეშე არჩევნებისთვის.
და კიდევ ერთი პუნქტი იყო – დიალოგი. ამისთვის ყოველთვის მზად ვართ.
ანუ 6 ჩამონათვალიდან 4-ს უკვე ვასრულებთ და მათზე უკვე ვმუშაობთ. ამიტომ კითხვა დაუსვან თავიანთ თავებს. თავად რას აკეთებენ გარდა იმისა, რომ პარლამენტს ხან ერთი მხრიდან დაბლოკავენ, ხან მეორე მხრიდან და ეს არის მთელი მათი დღის წესრიგი“, – განაცხადა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
დეპუტატის თქმით, „ოცნება“ დიალოგისთვის მზადაა, ოღონდ მხოლოდ მაშინ, თუკი ესეც ოპოზიციის „გულრწფელი სურვილი იქნება“. ოპონენტებს კი, მისი თქმით, რეალურად დიალოგი არ სურთ და დესტრუქციული გზა აქვთ არჩეული.