15-მდე არამსამთავრობო ორგანიზაცია გიგი უგულავას დაკავებას განცხადებით ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის ხელისუფლების მიერ ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის გაგრძელება და იგი რამდენიმე თვალსაზრისით პრობლემურია.
განცხადების მიხედვით, გიგი უგულავას წინააღმდეგ წარმართული საქმე მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა.
„იმ ფონზე, როდესაც გიგი უგულავას წინააღმდეგ გამოძიება 7 წლის წინ დაიწყო, ხოლო პარალელურად სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ რამდენიმე ოპოზიური პარტიის ლიდერის, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა მელიასა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარეობს, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლების მხრიდან, სისხლისსამართლებრივი დევნა ოპონენტების წინააღმდეგ ზემოქმედების ბერკეტად გამოიყენება”.
NGO-ების განცხადების მიხედვით, საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ უგულვებელჰყო ქვეყნის ინტერესები და დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციები.
„ხელისუფლების ბოლოდროინდელი მოქმედებები ცალსახად ტოვებს ძალის დემონსტრირების შთაბეჭდილებას და ის სულ უფრო და უფრო შორდება პოლიტიკურ რაციონალურობას, რითაც მოსახლეობაში ნიჰილიზმისა და ქვეყნის იზოლაციის საფრთხეს ზრდის”, – ნათქვამია განცხადებაში.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გუშინ დააკავეს. უზენაესმა სასამართლომ უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სახელმწიფო გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. გიგი უგულავას საქმეს მოსამართლეები შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ.