„ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე იყვნენ ჩეხეთის, ლიეტუვის, შვედეთის, ნორვეგიის, შვეიცარიის, ისრაელის ელჩები და ასევე სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ამ შეხვედრამდე „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანს შეხვდა.
პოლიტიკოსების თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების და აშშ-ს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ოპოზიციის ლიდერებმა, 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების მტკიცებულებები წარუდგინეს.
„შეხვედრა ეხებოდა ანგარიშს, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ. ეს ეხება დარღვევებს, გაყალბების სქემებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ არჩევნებზე და რომელიც ადასტურებს იმას, რომ სინამდვილეში ქართველი ხალხის არჩევანი მოიპარეს. დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა წარმოდგენილი ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები – ეს გადაგზავნილიც აქვთ და ნანახიც, აქ იყო ანგარიში, პრეზენტაცია სლაიდებზე დაჯამებული ინფორმაციის, მათ შორის, სტატისტიკური ანალიზი და იყო დაბეჭდილი სახით დარიგებული.
საუბარი იყო, ძირითადად, ამ საკითხებზე, თუმცა, კითხვები დაისვა ასევე პროტესტთან დაკავშირებით – რას ვაპირებთ, როგორ ვგეგმავთ და ამაზეც პასუხები გავეცით. ვუთხარით, რომ იქნება ქუჩის აქციები, როგორც წავა პროცესები, იქიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, ეს იქნება უწყვეტი, ყოველ მეორე დღეს თუ როგორ იქნება, ამაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას.
საერთაშორისო გამოძიების შესაძლო მექანიზმებზე, რა ფორმით შეიძლება მოხდეს, ამაზეც იყო დისკუსია, მათ შორის, მათგანაც იყო კითხვები. დისკუსია იყო იმაზე, თუ რა მექანიზმები შეიძლება იყოს გამოყენებული, მათ შორის, განხილული იყო სხვადასხვა დროში გამოყენებული პრაქტიკები“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“, „კოალიცია ცვლილებისთვის” და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს და ექსპერტებსაც შეხვდნენ.
„მისიის წარმომადგენლებს, პარტიათაშორისი ჯგუფის წევრებმა არჩევნების გაყალბების შესახებ ანგარიშის დეტალები გააცნეს, რომელიც გაერთიანებული ძალისხმევით მომზადდა და დეტალურად აღწერს იმ დარღვევებს, რომელსაც 2024 წლის არჩევნებზე ჰქონდა ადგილი. შეხვედრაზე ეუთო-ს წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნეს ის პოლიტიკური და გეოპოლიტიკური შედეგები, რაც არჩევნების გაყალბებას მოჰყვა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება განუსაზღვრელი დროით”, – ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.