ოპოზიცია ენმ-ის ოფისთან განვითარებულ მოვლენებს აფასებს

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრები არიან შეკრებილნი.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, პოლიციელებმა მათი ნაწილი ოფისიდან გარეთ გამოიყვანა.

„ჩვენ ძალით გამოგვიყვანეს სხვებთან ერთად. ნაწილი გამოათრიეს უფრო აგრესიულად, ნაწილი ნაკლებად, მაგრამ დიდი უპირატესობა ჰქონდათ ძალის და არანაირ აგრესიას არ ჰქონია ხალხისგან ადგილი, მათი მხრიდან ეპიზოდებში ჰქონდათ აგრესიას ადგილი.

მე მგონია, უმძიმესი დარტყმაა ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის და საბედისწერო აღმოჩნდება ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის“, – განაცხადა ბოკერიამ.

ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე გიგა ბოკერიასთან ერთად იმყოფება ელენე ხოშტარია, რომელმაც TV პირველს განუცხადა, რომ ხელისუფლება მიდის ძალადობრივ ქმედებებზე, რაც ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელია.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნინო ბურჯანაძე ფიქრობდა, რომ ხელისუფლება 23 და 25 თებერვალს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას არ შეეცდებოდა.

„არც კი დამიშვია, რომ 23 თებერვალს გადაწყვეტდა ხელისუფლება ოფისის აღებას. ამდენი წელია, პოლიტიკაში ვარ და ვერ მივეჩვიე, რომ ადამიანები ასეთი ბრიყვები და არამზადები არიან“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ხდება, დიქტატურის გაფორმებაა.

„ის რაც ახლა ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ხდება, არის დიქტატურის გაფორმება. დავემშვიდობეთ ნატოს და ევროკავშირს დიდი ხნით. არ არის ეგ ინსტიტუტები მონებისთვის. ან გავა**ევინებთ ამათ, ან საკუთარ შვილებს ვერ ჩავხედავთ თვალებში“, – წერს ჯაფარიძე.

„ლელოს“ წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, ამ მოქმედებით ხელისუფლება ძალის დემონსტრირებას ცდილობს.

„ვინარჩუნებთ სიმშვიდეს. ეს არის წარმოუდგენელი სიველურე. მოიყვანეს ათასობით პოლიციელი რომ გააკეთონ ის, რასაც გავურბივართ 30 წელია და ამით გვეუბნებიან რომ ეს ქვეყანა არის მათი, მაგრამ ეს ქვეყანა ჩვენია და არავის დავუთმობთ“, – განაცხადა ბუაძემ.

„შლეგი, ნაგავი ღარიბაშვილი უტევს მშვიდობიან მოქალაქეებს 5 წერტილიდან?“, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა განვითარებულ პროცესებს. მისი თქმით, 2021 წლის 23 თებერვალს ივანიშვილმა საბჭოთა საქართველო გაათენა.

ნიკა მელიას აყვანის წინ შსს-ს წარმომადგენლებმა ოფისში, სავარაუდოდ, ცრემლმდენი აირიც გაუშვეს.

„შტურმი რომ იქნებოდა სასტიკი ველოდი, ოღონდ გაზს თუ გამოიყენებდნენ დახურულ შენობაში, რაც კონვენციითაა აკრძალული, ეჭვი მეპარებოდა“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

„ლელოს“ წევრის, ფიქრია ჩიხრაძის თქმით, 100 წლის წინანდელი 23 თებერვლის მემკვიდრეები არიან ხელისუფლების წარმომადგენლები.

„მხუთავი გაზი გაუშვეს დახურულ ოთახში, საშინელი მდგომარეობა იყო“, – ამბობს ის.


„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან შსს-ს წარმომადგენლები რამდენიმე საათის წინ მივიდენენ, შენობა ხალხისგან დაცალეს და ნიკა მელია აიყვანეს.