4 ბარიერგადალახული ოპოზიციური ცენტრის წარმომადგენლები საქართველოში მყოფ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტარებისგან შემდგარ დელეგაციას შეხვდნენ. მანამდე ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეხვდა.
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ანა დოლიძემ „ტვ პირველთან“ თქვა, რომ საუბარი იყო იმაზე, თუ რა შეიძლება გააკეთოს ევროკავშირმა, კონკრეტული პირების სანქცირებაზე, საერთაშორისო გამოძიებაზე, ეკონომიკური ზომებზე.
„ცალსახა მზაობაა ამასთან დაკავშირებით, გამოძიების საშუალება, ანუ ინსტრუმენტი სამართლებრივად არის ბევრნაირი – შეიძლება გააკეთოს პარლამენტმა, შეიძლება გააკეთოს ევროკომისიამ, ეუთომ, ახლა მათ სჭირდებათ უკვე შიგნით სწრაფი მოლაპარაკება, ჩვენ რაც მთავარია, ვითხოვთ, რომ ეს მოხდეს სწრაფად, არ წაიღოს ბიუროკრატიამ დრო, რომ მტკიცებულებები სწრაფად იყოს ამოღებული“, – თქვა დოლიძემ.
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარტნიორებთან თანხმდებიან, რომ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი, საერთაშორისო გამოძიება.
„ვისაუბრეთ ასევე იმაზე, რომ ევროკავშირში აქტიურად განიხილება სხვა მექანიზმების ამოქმედება, როგორიც არის ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, იცით, რომ ასევე განხილვის საგანია უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება, ეს ბუნებრივია არ არის დროებითი მიმოსვლის შეჩერება, არამედ უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა“, – თქვა ბოკუჩავამ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს ევროპელი პოლიტიკოსები მტკიცედ უჭერენ მხარს ქართველ ხალხს და მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ეს არის მოპარული არჩევნები.
„გვაქვს აბსოლუტურად ერთიანი გაგება, თუ რა ტიპის ზეწოლა უნდა მოხდეს „ქართულ ოცნებაზე“, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან, ევროპული ქვეყნების მხრიდან, არის დიდი მხარდაჭერა ოპოზიციური ერთობის და სიმტკიცის და ჩვენი პოზიციის. დღეს აქცია ამიტომაც არის ჩვენთვის კარგი შესაძლებლობა, რომ ქართველმა ხალხმა მათ კიდევ ერთხელ ვანახოთ, რომ არა მხოლოდ ოპოზიცია არამედ მთელი საზოგადოება ვართ ერთიანი, ვართ ევროპელები და ვართ განწყობილები ბრძოლისთვის“, – თქვა ხოშტარიამ „ტვ პირველთან“.
„გახარია საქართველოს“ წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი არ დატოვა, რომელიც დამოუკიდებელია, ამიტომ საჭიროა საერთაშორისო გამოძიება.