„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივნმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციის კანდიდატები ფარულად აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებაზე და ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისაკენ მოუწოდა.
„როგორც მოგეხსენებათ, დღეს იმართება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. დღეს, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ გამარჯვება, რომელსაც 31 ოქტომბერს მილიონამდე საქართველოს მოქალაქემ ჩაუყარა მყარი საფუძველი.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის კანდიდატებმა წინა საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, ამჯერადაც უარი განაცხადეს მეორე ტურში მონაწილეობაზე, შეგახსენებთ, რომ მათი გვარები რჩება ბიულეტენებზე. გარდა ამისა, ისინი ფარულად აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებაზე. შესაბამისად, ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოვუწოდებთ, რათა ჩვენმა კანდიდატებმა დამაჯერებლად მოიგონ არჩევნების მეორე ტური“, -განაცხადა კობახიძემ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, იმის ადგილი, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, „პოლიტიკურ კლინიკაშია“.
„სხვა რა უნდა გითხრათ არ ვიცი, მნიშვნელობა არ აქვს ამას სერიოზულად იძახიან თუ სხვა ჩანაფიქრი აქვთ, ყველა შემთხვევაში პოლიტიკური კლინიკის დასკვნაა ეს. პოლიტიკურ კლინიკაშია მათი ადგილი, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს“, – განაცხადა ბოკერიამ.
დღეს, 21 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნების მეორე ტურს ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.