„კობახიძემ მოხსნა სიბრიყვის ჯეკპოტი“ - ოპოზიცია ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას აფასებს

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ეხმაურებიან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგს, რომელზეც მან ოპოზიციის „დაგეგმილ პროვოკაციებზე“ ისაუბრა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, ნუ დაკარგავენ გონს და მშვიდად და წყნარად გადაბარგდნენ ოპოზიციაში.

„ახალი კვლევები მიიღეს და სულ მთლად შეიშალნენ ჭკუიდან. რა განცხადებებს აკეთებენ?! რა სისულელეებს როშავენ?! სად გაგიგიათ ოპოზიციის მიერ გაყალბებული არჩევნები. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?! ამოწურეს ამათმა თავისი თავი და ვეუბნები, რომ კობახიძე წადი სახლში რა, დაგვანებე თავი, აღარ შეგვიძლია შენი მოსმენა. ეს უნდა დავასრულოთ ხალხო, აი, ეს სისულელეების მოროშვა. პრესკონფერენცია იმისთვის ხომ არ უნდა ჩაატარო, რომ რაღაც მოროშო?! საღამოობით ფიქრობენ აი, რა მოვიფიქრო, რომ ხვალ ვთქვა და მერე ამ სისულელეებს ამბობენ. ერთხელ მაინც თვალი გაუსწორეთ იმ მძიმე რეალობას, რაშიც ქვეყანა თქვენ შეიყვანეთ. ნუ დაკარგეთ გონი, მშვიდად და წყნარად გადაბარგდით ოპოზიციაში“, – განაცხადა ვაშაძემ.

„კობახიძემ მოხსნა სიბრიყვის „ჯეკპოტი“ და ამ განცხადებით ამხილა რეჟიმი“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ.

„ის, რომ მთავრობა უსმენს ყველა ყველა ოპოზიციურ ძალას, ეს ყველამ ვიცოდით, მაგრამ ამ წინასაარჩევნოდ სულ ვფიქრობდი ვინ მოხსნიდა „ჯეკპოტს“. გამართლდა მოლიდინი – სიბრიყვის „ჯეკპოტი“ მოხსნა კობახიძემ. ამხელა თანამდებობის ფილარმონია კაცმა პრაქტიკულად აღიარა, რომ უსმენენ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და მერე ურცხვად ეს გამოაქვთ და რაღაცა თეორიებს თხზავენ გამოგონილი რევოლუციებისა და არეულობების შესახებ.

ამაზე კომენტარიც უკვე შეუძლებელია გააკეთო, სიბრიყვის და შიშის ისეთი ნაზავია, რომ უკვე ყველაფერზე მიდიან, ასეთ რამეზეც კი, რომელიც წესით, იურისტ კობახიძეს, ბევრი რეგალიები რომ აქვს, უნდა იცოდეს, ასეთი განცხადება წინ დახვდება. მაგრამ შიშს დიდი თვალები აქვს და ეტყობა, რომ ასეც არის“, – განაცხადა უგულავამ.

კობახიძის განცხადება შეაფასა „ფორმულას“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმაც:

„მთელი ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობს ტყუილების ტირაჟირება, თითქოს ოპოზიცია ემზადება რაღაც რადიკალური ქმედებებისათვის, რაღაც რევოლუციურ სცენარს ამზადებს. ხან ასახელებენ კონკრეტულ ქალაქებს, სადაც ჩვენ ვგეგმავთ დესტაბილიზაციას, მერე ამბობენ, რომ 31-ში 12 საათზე ჩვენ ვაპირებთ შეკრებას, თურმე, რუსთაველის გამზირზე და იქ მრავალათასიანი აქციის გამართვას. რამდენი ტუილი უნდა ისმინოთ?

ის ქალაქები და ოლქები, რომელიც ჩამოთვალა, ამ ოლქებში ჩვენ ველოდებით 100%-იან გამარჯვებას პირველივე ტურში და ჩვენი ინტერესია პირველ რიგში, რომ იქ არჩევნები მშვიდობიანად დასრულდეს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

ირაკლი კობახიძემ დღეს მორიგი ბრიფინგი გამართა და ოპოზიციის მიერ „დაგეგმილ პროვოკაციებზე“ ისაუბრა. 

„ამჯერად, გვსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციული გეგმების შესახებ, რომლებიც არჩევნების დღეს უკავშირდება:

– პირველი, იგეგმება ერთსა და იმავე საკითხებზე სხვადასხვა წარმომადგენლისა და დამკვირვებლის მიერ საჩივრების დიდი რაოდენობით შეტანა, რათა ხელოვნურად შეიქმნას მაღალი სტატისტიკა საჩივრების კუთხით;

– გარდა ამისა, რადიკალური პარტიები და მათი ფეიკდამკვირვებლები გეგმავენ საარჩევნო კომისიებიდან არჩევნების დღეს ჭარბი ინფორმაციის გამოთხოვას, რათა კომისიის წევრებმა ვერ შეძლონ ძირითად საქმიანობაზე ჯეროვანი კონცენტრირება და ამით, შეფერხდეს კომისიების საქმიანობა;

– ასევე, იგეგმება საუბნო კომისიების პირველ სხდომებზე არაუფლებამოსილი პირების დასწრება (მაგალითად, პარტიის მიერ დანიშნული და შემდეგ მოულოდნელად მოხსნილი წევრის მისვლა), რითაც სურთ შექმნან საბაბი სხდომების ლეგიტიმურობის საკითხის შესახებ სპეკულირებისათვის;

– იგეგმება საუბნო კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გასანაწილებელ წილისყრებში არმონაწილეობა ან წილისყრით განსაზღვრული ფუნქციის შესრულებაზე უარის თქმა და პროცედურების საბოტაჟი;

– მთელ რიგ უბნებზე იგეგმება მნიშვნელოვანი ინვენტარის ან დოკუმენტაციის (მაგალითად, რეგისტრატორის ან კომისიის ბეჭდის, სარეგისტრაციო ჟურნალის, ჩანაწერთა წიგნის) დაზიანება ან მოპარვა

– იგეგმება უბნებიდან ბიულეტენების გატანა რადიკალური ოპოზიციის მიერ დანიშნული კომისიის წევრი რეგისტრატორების მიერ და შემდგომ სიუჟეტების ინიცირება, თითქოსდა ე.წ. კარუსელის მცდელობები ამხილეს;

– ასევე, იგეგმება რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების მიერ უბნებზე გაკრული ამომრჩეველთა სიების საჯარო ვერსიის ჩამოხევა და იმ მომენტის დაფიქსირება, როდესაც უბანზე ასეთი სია გამოკრული არ არის;

– იგეგმება ცრუ ბრალდებების გავრცელება, თითქოს, ამომრჩევლების ფოტოსურათიანი სიის საჯარო ელექტრონული ვერსიები ცესკოდან მხოლოდ მმართველ პარტიას აქვს მიღებული, აგრეთვე ცრუ ბრალდებების გავრცელება იმის თაობაზე, რომ გაცემულ სიებში აღნიშნულია ამომრჩეველთა პირადი ნომრებიც;

– იგეგმება უსაფუძვლო აჟიოტაჟი სიებში ე.წ. მკვდარი სულების არსებობის შესახებ;

– იგეგმება მარკირებაგავლილი ამომრჩევლების უბანზე ხელახლა მიყვანა და აჟიოტაჟის შექმნა იმის შესახებ, რომ თითქოს, აღნიშნული პირი „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია და ცდილობს მეორედაც მისცეს ხმა, -” განაცხადა ირაკლი კობახიძემ.