ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შესახებ სასაუბროდ „ლელოს“ ოფისში კიდევ ერთხელ შეიკრიბა

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიები „ლელოს“ ოფისში დღესაც შეიკრიბნენ. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა შეხვედრამდე განაცხადეს, რომ ხელისუფლებასთან შესაძლო მოლაპარაკებაზე იმსჯელებენ, თუმცა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნა არ გადაიხედება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია შექმნილი, რასაც თავად „ოცნებაც“ აცნობიერებს და მმართველ გუნდს, მოუწევს დათმობაზე წასვლა.

„ხელისუფლებამ ჩვენი წინადადებები იცის, მაგრამ ხელისუფლება დუმს. ხელისუფლებამ, რომელმაც 31 ოქტომბერს გადადგა გიგანტური ანტისახელწიფოებრივი ნაბიჯი, რომელიც გამოიხატა არჩევნების არ ჩატარებაში. აქედან გამომდინარე შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი. ამ პოლიტიკურ კრიზისს ახლა დაძლევა უნდა. როგორ დაიძლევა? დაიძლევა მხოლოდ ახალი არჩევნებით. არჩევნებით, რომელშიც ბევრად თავისუფალ გარემოში მოქალაქეები გამოხატავენ თავიანთ ნებას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი უგულავას თქმით, მათ რიგგარეშე არჩევნებთან ერთად ხელისუფლებისადმი რამდენიმე მოთხოვნა აქვთ და შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიები თავიანთ მოთხოვნებზე კიდევ ერთხელ ისაუბრებენ.

„ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ცესკო-ს სრული რეფორმა და რიგგარეშე არჩევნები. ეს არის სრული პაკეტი. ცესკო-ს სრული რეფორმის გარეშე გინდა რიგგარეშე იყოს, გინდა პლებისციტი, გინდ მარსზე გაფრენა, არ განიხილება. პოლიტპატიმრების გარეშე არ განიხილება.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, რიგგარეშე არჩევნები რჩება და არის ჩვენი უპირობო მოთხოვნა, პლებისციტი მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება იყოს რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის გზა“, – განაცხადა უგულავამ.

ოპოზიციის შეხვედრამდე კომრომპისზე წასვლა არ გამორიცხა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, რომლის თქმითაც, ოპოზიციურ პარტიებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ სხვადასხვა საკითხზე, თუმცა მისი თქმით, ოპოზიცია კვლავ ეცდება ერთიან პოზიციაზე შეჯერდეს.

„სხვადასხვა პარტიის ხალხი ვართ და წარმოიდგინეთ, ისეთი ხალხი, რომელთაც ერთმანეთიც არ გვიყვარს დიდად და ბევრ საკითხში ერთმანეთს არ ვეთანხმებით. რა თქმა უნდა, კონკრეტულ საკითხებზეც სხვადასხვა მოსაზრებები გვაქვს, თუმცა ვნახოთ. აქამდე ვახერხებდით შეჯერებას საერთო პოზიციაზე, დღეს მოხერხდება თუ არა, ამას მოგვიანებით გეტყვით. მოლაპარაკების დროს არ ხდება ხოლმე, რომ ერთი მხარე გადის გამარჯვებული და მეორე დამარცხებული. შესაბამისად, ორმხრივი კომპრომისია საჭირო“, – თქვა ელისაშვილმა ჟურნალისტებთან.

თუმცა, შესაძლო კომპრომისებზე საუბრისას რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნაზე უარის თქმა ჟურნალისტებთან საუბარში ნინო ბურჯანაძემ, „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და „ლეიბორისტების“ ლიდერმა გიორგი გუგავამ გამორიცხეს.