ოპოზიცია ხვალიდან პარლამენტის პიკეტირებას აანონსებს

პუბლიკა

ოპოზიცია ხვალიდან აქციებს აანონსებს. მათი განცხადებით, პროტესტი პერმანენტული იქნება.

„ოპოზიცია აპირებს, რომ აქციები, პიკეტირება და მწვავე პროტესტი გააგრძელოს. ჩვენ ხვალ ვაპირებთ მოვაწყოთ „სირცხვილის კორიდორი“ პარლამენტის წინ“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია დარჩება პარლამენტის ბოიკოტირების რეჟიმში, თუმცა მზად არიან ხელისუფლებასთან შეხვედრებში მონაწილეობისთვის.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი ამოცანა ამ შეხვედრებზე არის ისეთ საარჩევნო სისტემებზე შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს ხალხის პროპორციულ და სამართლიან წარმომადგენლობას პარლამენტში. შესაბამისად, ნებისმიერი წინადადება, რომელიც ამ მიზანს მოემსახურება ჩვენთვის არის მისაღები. ჩვენ ორი კონკრეტული წინადადება უკვე გვქონდა, ერთი იყო მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები და მეორე, ცალკე აღებული, „გერმანული მოდელი“. შესაბამისად, ასეთი ტიპის მოდელები შეიძლება იყოს განხილული. ისეთი, მოდელები, რომლებიც ხელისუფლებამ წარმოგვიდგინა – 100/50-ზე თუ სხვა, ამ მიზანს არ ემსახურება და ვერ განვიხილავთ. თუ ხელისუფლება ამ დიალოგზე არ წამოვა და ამ საარჩევნო სისტემას არ შეცვლის, არსებობს ოპოზიციის მხრიდან გეგმა „ბ“. ეს არის შეთანხმება მაჟორიტარულ ოლქებში და საერთო მაჟორიტარების დაყენება. ამ ვითარებაში ხელისუფლება კიდევ უფრო მძიმედ წააგებს 2020 წლის არჩევნებს“, – განაცხადა კაპანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პროტესტი 4 თებერვლიდან დაიწყება და მას პერმანენტული სახე ექნება.

„ყველაზე მნიშვნელოვანი დაკვეთა, რაც საქართველოს პარლამენტს ჰქონდა, ეს იყო სრულად პროპორციული სისტემის მიღება, რასთან დაკავშირებითაც ივანიშვილმა ქართული საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა მოატყუა. ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ ჩვენი პროტესტი, რომელიც 4 რიცხვში განახლდება და გაგრძელდება მომავალშიც, პიკეტის და აქციების სახით“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

ხვალ პარლამენტში პლენარული სხდომაა დაგეგმილი.