ოპოზიცია „კლანზე“ საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას სთხოვს

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტს რიგგარეშე პლენარული სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს. მათი განცხადებით, სხდომაზე კენჭი უნდა ეყაროს სასამართლო სისტემაში კლანის შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.

„ჩვენ საპარლამენტო ოპოზიცია, სრულად, მოვითხოვთ რეაგირებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რადგან მიგვაჩნია, რომ დღეს თითოეული ადამიანი საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე ვალდებულია, გამოხატოს პასუხსმგებლობა და იმოქმედოს ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში, ამიტომ ჩვენ გვსურს, საქართველოს პარლამენტში უახლოეს მომავალში კენჭისყრაზე დადგეს ინიციირებული საგამოძიებო კომისიის საკითხი და შევქმნათ საგამოძიებო კომისია.

ამ მიზნით ორშაბათს პრეზიდენტს მივმართავთ რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით, რადგან მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი დღე, რომელიც დააყოვნებს რეაგირებას სანქცირების თემებთან დაკავშირებით, შეიძლება, დიდი ზიანის მომტანი იყოს საქართველოსთვის“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

სასამართლოში არსებული კლანური მმართველობის შესახებ  დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივით სხვადასხვა დროს გამოვიდნენ საპარლამენტო ფრაქციები და პოლიტიკური ჯგუფები. „რეფორმების ჯგუფმა“ გასულ წელს დროებითი საგამოძიებო კომისია დაარეგისტრირა.

ასევე, 2022 წლის სექტემბერში 12-მა სამოქალაქო ორგანიზაციამ საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდა, შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური დანაშაულების და სხვა კანონდარღვევების გამოკვლევისა და მათზე რეაგირების მიზნით.

სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა იუსტიციის საბჭოს წევრ ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარეს, ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანს, ვალერი ცერცვაძეს.