ოპოზიცია „მიშელის კაბინეტის“ წევრებს შეხვდა

პუბლიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დასრულდა შეხვედრა ოპოზიციასა და „მიშელის კაბინეტს“ შორის.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შეთანხმების ცალმხრივად ანულირებამ საფრთხე შეუქმნა ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებსა და მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას.

„ვალდებულებები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ აიღო, ძალაში რჩება, რამდენჯერაც არ უნდა გამოაცხადონ, რომ ცალმხრივად გადიან ამ შეთანხმებიდან – ჩვენი პარტნიორების პოზიცია არის, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ ვალდებულებების შესრულებას მოსთხოვენ და ამას მოლაპარაკებები არ სჭირდება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, „მიშელის კაბინეტთან“ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მიკროფინანსურ დახმარებაზე, რომლის მნიშვნელოვანი პირობაც სასამართლო რეფორმის განხორციელებაა.

„საუბარი იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გავლენის შემცირებაზე და ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმაზე, რაშიც ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტის როლს ვხედავთ. საუბარი იყო ასევე 5 არამოსამართლე წევრის არჩევის მნიშვნელობაზე, მათ დამოუკიდებლობაზე და თუ ეს პირობები არ შესრულდება, ამას მოჰყვება გარკვეული რეაქციები ევროკავშირის მხრიდან. ხაზი გაესვა იმას, რომ თითოეული პუნქტის შესრულება, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტით იყო გათვალისწინებული, არის მნიშვნელოვანი, ამის მიმართ ჩვენი ერთგულება დადასტურდა და ხაზი გაესვა“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი, ფრაქცია „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი და „გირჩის“ წარმომადგენელი ვახტანგ მეგრელიშვილი; აუდიენციას ონლაინ შეუერთდნენ ბადრი ჯაფარიძე და თინა ბოკუჩავა.

შეხვედრაზე მასპინძლების მხრიდან, ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა (DG-HOME) გენერალური დირექტორის მოადგილე საიმონ მორდიუსი იყო წარმოდგენილი.