„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის შეფასებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგები სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარებამ განსაზღვრა.
„კვლევას ვენდობით, მაგრამ როდესაც მოქალაქეების ნახევარზე მეტი ამბობს, რომ არ გასცემს პასუხს, ვინაიდან ეს სატელეფონო კვლევაა და ის რაღაცით დაისჯება, თუ ოპოზიციას დაასახელებს. ამ სპეციფიკიდან გამომდინარე, არჩევნების შედეგების განსაზღვრა იქნება ძალიან ძნელი,“, – აცხადებს ის.
„ლელოს“ ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი არჩევნების წინ ჩამოყალიბდება და სწორ არჩევანს გააკეთებს.
იაგო ხვიჩიას შეფასებით კი გამოკითხვაში უარის მთქმელთა რაოდენობა ძალიან მაღალია.
„როგორ შეიძლება სერიოზულად ვილაპარაკოთ, რომ ასეთი ტიპის კვლევიდან დასკვნების გაკეთება შეგვიძლია, როცა ასეთი მოცემულობა გვაქვს, პოლიტიკური აზრისა და განწყობის გასარკვევად არაა ეს კვლევა, სხვა რამე უფრო შეიძლება, დავინახოთ ამ კვლევიდან ვიდრე პოლიტიკური ნაწილი“,– განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
გიორგი გახარიას მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერაშია დარწმუნებული ნათია მეზვრიშვილი. ამის საფუძველს, მისი თქმით, მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრები იძლევა.
მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. მოსახლეობის მხოლოდ 30%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია – ნათქვამია ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია.
კვლევის მიხედვით, პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.
კვლევის ავტორების ვარაუდით, ამ გამოკითხვისა და არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება, ვინაიდან არჩევნების ბედი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ქცევაზე იქნება დამოკიდებული.
„არ მგონია, გამოქვეყნებული კვლევის შედეგები პირდაპირ კონვერტირებადი იყოს არჩევნებში მოსალოდნელ შედეგებთან“, – განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ.
„წარმოუდგენელია მოცემულობა, რომ არჩევნებში ის 51% არ აისახოს. 18%-ზე გაცილებით მეტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა – რომ გავაორმაგოთ, ესეც არ იქნება საკმარისი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.